Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში პატიმრობა მიუსაჯეს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მბეჭდავ ქალს


ფურხნერის სასამართლო. 2021 წ. ოქტომბერი.
ფურხნერის სასამართლო. 2021 წ. ოქტომბერი.

გერმანიის სასამართლომ 97 წლის ირმგარდ ფურხნერი დამნაშავედ ცნო შტუტჰოფის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში 10500-ზე მეტი მკვლელობის თანამონაწილეობაში.

ფურხნერს, რომელიც შტუტჰოფში მბეჭდავად მუშაობდა, ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ დაადგინა, რომ მან იცოდა, რა ხდებოდა შტუტჰოფში იქ მისი მუშაობის პერიოდში - 1943-1945 წლებში. საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტი პაულ ვერნერ ჰოპე, რომელიც ომის შემდეგ სხვისი გვარით იმალებოდა, 1955 წელს გაასამართლეს, ხუთი წლის შემდეგ კი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს.

მთლიანობაში შტუტჰოფში, რომელიც დღევანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა გდანსკის მახლობლად, დაიღუპა 65 ათასამდე ადამიანი, მათ შორის ებრაელები, პოლონელები და საბჭოთა სამხედრო ტყვეები. მათ დასახოცად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა, მათ შორის - გაზის კამერები. სასამართლომ მოისმინა გადარჩენილი პატიმრების ჩვენებები.

როცა 2021 წლის სექტემბერში სასამართლო დაიწყო, ფურხნერი ხანდაზმულთა სახლიდან გაიპარა. მოგვიანებით ის ჰამბურგში დააკავეს. „ვნანობ ყველაფერს, რაც მოხდა. ვნანობ, რომ იმ დროს შტუტჰოფში ვიმყოფებოდი. ესაა ყველაფერი, რის თქმაც შემიძლია“, - თქვა მან განაჩენის გამოცხადების წინ.

XS
SM
MD
LG