Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ვაშინგტონში ჩასვლას აპირებს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს. ეს მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი იქნება თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მედია ავრცელებს.

ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტს აპირებს მაშინ, როცა, როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოაცხადებს კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების, გამოყოფის შესახებ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის უპილოტო აპარატების იერიშებისგან თავის დასაცავად, ნათქვამია სამშაბათს გავრცელებულ ცნობებში.

ზელენსკი ასევე შეიძლება სიტყვით გამოვიდეს აშშ-ის კონგრესში, რომელიც ემზადება სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი კანონპროექტის მისაღებად. ამ ბიუჯეტით უკრაინისთვის 44,9 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებაა გათვალისწინებული.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სამშაბათს კონგრესის წევრებს წერილობით აუწყა, რომ ოთხშაბათს საღამოს ისინი ფიზიკურად უნდა დაესწრონ სხდომას.

„თუ შეიძლება, ოთხშაბათს საღამოს ადგილზე იყავით დემოკრატიაზე ძალიან განსაკუთრებული ყურადღებისთვის“, - დაწერა მან ახსნა-განმარტების გარეშე.

ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ ხშირად გამოსულა საერთაშორისო ლიდერებისა და მხარდამჭერების წინაშე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ მხოლოდ ტელეფონით ან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.

ამერიკაში ზელენსკის მოგზაურობა აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები მისი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია, რომელმაც დღეისთვის კიევს უკვე 20 მილიარდ დოლარამდე მიაწოდა უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით და უფრო მეტი - ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG