Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ გამოდის წინადადებით, არმიაში გაწვევის მაქსიმალურ ასაკად განისაზღვროს 30 წელი


სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი
სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოვიდა წინადადებით, არმიაში სასწრაფო სამსახურისთვის გაწვეულთა ასაკი გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე, ზღვრულ ასაკად კი 30 წელი დადგინდეს. ეს შოიგუმ სამინისტროში 21 დეკემბერს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, შოიგუს ინიციატივაა, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზარდოს 1,5 მილიონ ადამიანამდე, მათ შორის კონტრაქტით დაქირავებულთა რაოდენობა - 695 ათას სამხედრომდე. შოიგუს თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ "გარანტირებული იყოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების გადაჭრა".

ამჟამად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეადგენს 1 150 628 ადამიანს. შოიგუს არ ულაპარაკია არც მობილიზაციის ფარგლებში დამატებით გაწვევაზე და არც ჯარში სამსახურის ვადის გაზრდაზე.

შოიგუ გამოვიდა ასევე წინადადებით, გაძლიერდეს ჯარების დაჯგუფება რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში. ამის საჭიროება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დაუკავშირა "ნატოს მისწრაფებას, გაზარდოს სამხედრო პოტენციალი რუსეთის საზღვრებთან ახლოს".

შოიგუს თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საერთო ჯამში "გაუმკლავდა მობილიზაციას", თუმცა "პრობლემები იყო".

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. მან განაცხადა, რომ არმია სახელმწიფოსგან მიიღებს ყველაფერს, რაც ესაჭიროება. ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთში არ მოხდება ცხოვრების "მილიტარიზაცია".

რუსეთის არმიის პრობლემებს შორის, რომლებიც უკრაინაში ომმა გამოავლინა (პუტინი ამ ომს უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას"), პრეზიდენტმა დაასახელა კავშირები, სამხედროებისა და იარაღის მართვის ავტომატიზებული სისტემები, ბატარეათა საწინააღმდეგო ტაქტიკა და დრონების გამოყენება. პუტინმა ახსენა მობილიზაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემებიც.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო 24 თებერვალს. მხარეებს შორის დანაკარგების თაობაზე ზუსტი ცნობები არ არის - დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო უწყებების შეფასებით, რუსეთმაც და უკრაინამაც განიცადეს ათობით ათასი ადამიანის დანაკარგი მოკლულებისა და დაჭრილების სახით.

XS
SM
MD
LG