Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი აცხადებს, რომ მის კოლონიაში პრიგოჟინი იყო ჩასული


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი - რომელიც სასჯელს იხდის ვლადიმირის ოლქის ნომერ მეექვსე კოლონიაში - სოციალური ქსელებით იუწყება, რომ მსჯავრდადებულთა გადაბირების მიზნით, მის კოლონიაში ჩასული იყო ევგენი პრიგოჟინი, ბიზნესმენი და გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", დამაარსებელი.

კოლონიაში პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ნავალნის, რომელიც სადამსჯელო იზოლატორში იმყოფება, აცნობა "თვითმხილველმა". წყაროს თქმით, მსჯავრდადებულები მიიყვანეს სტადიონზე, სადაც "ვაგნერის" დამაარსებელმა მათ უთხრა, რომ თავადაც იჯდა ციხეში და მოუწოდა, გახდნენ თავდამსხმელები. მათ, ვინც თანხმობას განაცხადებდა, პრიგოჟინი ნახევარ წელიწადში შეწყალებას დაჰპირდა და გადაწყვეტილების მისაღებად ფიქრისთვის ხუთი წუთი მისცა.

ნავალნის მტკიცებით, პრიგოჟინმა 80-დან 90-მდე პირი გადაიბირა, რის შემდეგაც გადაბირების კიდევ ერთი ტალღა განხორციელდა. ნავალნი არ აკონკრეტებს, რამდენი მსჯავრდადებული გაემგზავრა მეექვსე კოლონიიდან უკრაინის ომში.

"ამდენად, ახლა ამ საზოგადოების 100-მა პროცენტმა - საზოგადოების, რომლის კანონმორჩილების ამაღლებასაც ჩვენ ასეთი ძალისხმევით ვცდილობთ - იცის, რომ არ არსებობს არანაირი კანონი, არანაირი სასამართლო, არანაირი წესები. ეს ყველაფერი ფიქციაა - ეს ტყუილები აღმზრდელობით სამუშაოებზე და გამოსწორებაზე, როგორც ვადამდელი გათავისუფლების გზაზე. თითების გატკაცუნებით, ზუსტად ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მკვლელებს და მძარცველებს, რომლებსაც უზარმაზარი ვადები აქვთ მისჯილი, ათავისუფლებს არა სასამართლო, და არც თავად პუტინი, არამედ მელოტი კაცუნა, რომელიც ზონებში ჩადის ამბებით იმაზე, [თავადაც] როგორ "ტკეპნიდა 10 წელი", - ვკითხულობთ ნავალნის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოში საწამლავ "ნოვიჩოკით" მოწამლეს, ნავალნი ბერლინში მკურნალობდა. 2021 წლის დასაწყისში პოლიტიკოსი დაბრუნდა რუსეთში, სადაც ის პირდაპირ აეროპორტში დააკავეს. თავიდან ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს "ივ როშეს" საქმეზე, შემდეგ გაასამართლეს ვეტერანის ცილისწამებისთვის (ჯარიმა მიუსაჯეს) და თაღლითობის და მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე, რომლის დროსაც მას ცხრა წლით მიესაჯა პატიმრობა.

"ვაგნერი" რუსეთის არაოფიციალური გასამხედროებული დანაყოფია, რომლის წევრებიც მონაწილეობენ სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში. ორგანიზაცია მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფად, რომელიც უკრაინის ტერიტორიებზე იბრძვის. ჯგუფის მეომრები ეჭვმიტანილი არიან არაერთი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.

გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მარცხი განიცადა, დაიწყო "ვაგნერში" რუსი მსჯავრდადებულების გადაბირების და მათი ომში გაგზავნის პროცესი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, გადაბირებაში პირადად მონაწილეობს ბიზნესმენი პრიგოჟინი - ის ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით ათეულობით კოლონიაში იყო ჩასული.

XS
SM
MD
LG