Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას უგზავნის Patriot-ის ტიპის სისტემას, 1.85 მილიარდი დოლარის დახმარების ფარგლებში


ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც. თეთრი სახლის ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა, ვაშინგტონის მახლობლად დაეშვებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში თავის პირველ საერთაშორისო ვიზიტს მართავს მას შემდეგ, რაც თებერვალში უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.

დახმარების პაკეტი მოიცავს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს და აღჭურვილობას პენტაგონის მარაგებიდან, მათ შორის Patriot-ის პირველ სისტემას და 850 მილიონი დოლარის დაფინანსებას უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. დახმარების ნაწილით დაფინანსდება სატელიტური კომუნიკაციების სისტემა, რომელიც, დიდი ალბათობით, მოიცავს ილონ მასკის მფლობელობაში მყოფ SpaceX Starlink-ის მნიშვნელოვან სატელიტს.

უფრო დეტალურად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალ პაკეტში შედის:

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot -ი და მისი აღჭურვილობა;

დამატებითი შეიარაღება მაღალი მობილურობის სისტემა HIMARS-ისთვის;

155-მილიმეტრიანი მაღალი სიზუსტის 500 ერთეული საარტილერიო ჭურვი;

120 მილიმეტრის 10 ერთეული ნაღმსატყორცნი, თავისი 10 000 ჭურვით;

60-და 82-მილიმეტრიანი 10 ნაღმსატყორცნი;

37 ერთეული ავტომობილი Cougar-ი, ნაღმებისგან დამცავი სისტემით აღჭურვილი;

120 შეჯავშნული მულტიფუნქციური ბორბლებიანი მანქანა HMMWV;

6 ერთეული შეჯავშნული სატვირთო მანქანა;

მაღალი სიზუსტის საავიაციო აღჭურვილობა;

2700 ერთეულზე მეტი ყუმბარსატყორცნი და ცეცხლსასროლი იარაღი;

Claymore-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა;

ასაფეთქებელი მოწყობილობა;

ღამის ხედვის და დამიზნების მოწყობილობა;

კავშირგაბმულობის ტაქტიკურად დაცული საშუალებები.

ამ პაკეტით უკრაინას ასევე გადაეცემა საარტილერიო და სატანკო ტყვია-წამალი, "გრადის" ტიპის რაკეტები, გათვალისწინებულია დაფინანსება წვრთნებისთვის და აღჭურვილობის შენარჩუნებისთვისაც.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, ის ვაშინგტონში იმყოფება იმ მიზნით, რომ აშშ-ს მადლობა გადაუხადოს დახმარებისთვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში და მოლაპარაკების გამართვისთვის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

"მომავალ წელს ჩვენ უკრაინის დროშა და თავისუფლება უნდა დავაბრუნოთ ჩვენს მთელ ტერიტორიაზე, მთელ ხალხთან", - წერს ზელენსკი ტელეგრამით აშშ-ში ჩასვლის შემდეგ.

ზელენსკი შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.

XS
SM
MD
LG