თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აშშ-ის კონგრესს და ამერიკელ ხალხს, უკრაინისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.
ზელენსკი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს ჯო ბაიდენთან. ეს მისი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ზელენსკი შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.
ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც.