Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ზელენსკის: "პატივია თქვენ გვერდით ყოფნა"


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი. 21 დეკემბერი, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი. 21 დეკემბერი, 2022 წელი

თეთრ სახლში ყოფნისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აშშ-ის კანონმდებლებს და ქვეყნის "რიგით ადამიანებს". ორი ლიდერის შეხვედრის დაწყებამდე, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინელები "მსოფლიოს შთააგონებენ". ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა.

მედიის თანდასწრებით გაკეთებული მოკლე განცხადებებისას, ბაიდენმა ზელენსკის ასევე უთხრა, რომ "პატივია თქვენ გვერდით ყოფნა" და აღნიშნა, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას. ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი "ცდილობს, ზამთარი იარაღად გამოიყენოს" მიმდინარე ომში.

ზელენსკის თქმით, მას აშშ-ში ჩასვლა უფრო ადრე სურდა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ომი არ დასრულებულა" და რომ მისი ქვეყანა რუსეთთან ბრძოლაში ბევრი გამოწვევის წინაშეა.

ბაიდენთან ოვალურ ოფისში შეხვედრის შემდეგ ზელენსკი აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.

ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG