თეთრ სახლში დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც წინ უძღოდა შეხვედრა პრეზიდენტებსა და მათ ეროვნული უშიშროების გუნდებს შორის.
ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა.
პრესკონფერენციის გახსნისას ბაიდენმა ზელენსკის მიმართა: ბატონო პრეზიდენტო, "ამერიკელი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ თქვენგან მოისმინონ უკრაინის ბრძოლის და 2023 წლის განმავლობაში კვლავაც ერთად დგომის საჭიროების შესახებ".
ბაიდენმა ისაუბრა დახმარებაზე, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში აღმოუჩინეს, ახალ პაკეტზე, რომელიც 1.85 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. ბაიდენის თქმით, Patriot-ის ტიპის სისტემა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება, თუმცა მისი გამოყენებისთვის წვრთნას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ბაიდენის თქმით, პუტინი "არ აპირებს ამ სასტიკი ომის გაჩერებას".
"სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე", - თქვა ბაიდენმა გამოსვლის ბოლოს.
პრესკონფერენცია გრძელდება, ამჟამად სიტყვით ზელენსკი გამოდის.