აშშ-ის წარგზავნილმა ირანში რობერტ მალიმ განაცხადა, რომ ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენის თაობაზე მიღწეული მორიგება არ მომკვდარა, მაგრამ ვაშინგტონი სკეპტიკურადაა განწყობილი, „არის თუ არა მზად და შეუძლია თუ არა“ ირანს შეთანხმების მიღწევა მას მერე, რაც უარი თქვა მორიგებაზე და შემდეგ მოსკოვს დაუჭირა მხარი უკრაინასთან ომში.
რობერტ მალიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 22 დეკემბერს უთხრა, რომ სექტემბერში მოლაპარაკებამ მიაღწია იმ წერტილს, როცა „იმასაც კი ვფიქრობდით, რომ ერთ ან ორ დღეში“ შეთანხმება გაფორმდებოდა, მაგრამ თეირანმა ბოლო წუთში წამოაყენა ახალი მოთხოვნები, რამაც წაგვართვა წინსვლის შანსი. მალის თქმით, საპროტესტო გამოსვლებმა, რომლებიც ირანში დაიწყო პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილის შემდეგ და თეირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერამ, ვაშინგტონის დიპლომატიური ყურადღება მეორე პლანზე გადაიტანა.
„მათ მოკლეს ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) სწრაფი და დაუყოვნებლივ დაბრუნების შესაძლებლობა. მას მერე არაფერი მომხდარა, არაფერი მომხდარა, რაც ჩვენს ძლიერ სკეპტიციზმს შეცვლიდა იმის მიმართ, რომ ირანი მზად არის და შეუძლია მიაღწიოს ბირთვულ შეთანხმებას“, - თქვა მალიმ.
ბირთვული შეთანხმება ირანს და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიას შორის, ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, 2015 წელს გაფორმდა და ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა, თეირანისთვის ადრე დაწესებული სანქციების შერბილების სანაცვლოდ.
2018 წელს აშშ-ის მთავრობამ ცალმხრივად დატოვა შეთანხმება და კვლავ დაუწესა ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები.
ირანმა ამის საპასუხოდ ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმებით მიღწეული პირობების დარღვევა და ბირთვული პროგრამის გააქტიურება.