Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხარაულში ნებისმიერ ბიოლოგიურ ობიექტზე შეიძლება მძიმე მეტალებზე კვლევის ჩატარება - საგამოძიებო სააკაშვილის ექსპერტიზაზე


მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროსგან მიღებული წერილის თანახმად, ბიუროში მძიმე მეტალებზე გამოკვლევა შესაძლებელია ნებისმიერ ბიოლოგიურ ობიექტზე ჩატარდეს. საგამოძიებო სამსახური სამხარაულის ბიუროს შესაბამის წერილსაც აქვეყნებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დანიშნულია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა სააკაშვილისგან და ადვოკატისგან ნიმუშების აღებაზე უარი მიიღეს.

"...2022 წლის 2 დეკემბერს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბატონი სააკაშვილისგან აღებული იქნა ბიოლოგიური კვლევის ნიმუშები, რის საფუძველზეც იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებითი კვლევის (სისხლი) ნიმუშის წარდგენა მოითხოვა, რაზეც ბატონმა სააკაშვილმა და ადვოკატებმა უარი განაცხადეს. რა დროსაც ადვოკატების მიერ კეთდებოდა განმარტება, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ თმის და ფრჩხილის ნიმუშებზე.

საგამოძიებო ორგანომ ადვოკატების ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, შესაბამისი კონსულტაციები გაიარა ექსპერტიზის ბიუროსთან, რის შემდეგაც დამატებით მოთხოვნილი თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღების და ექსპერტიზისთვის გადაგზავნის თაობაზე მზადყოფნა გამოითქვა. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ყველა სახის ნიმუშის აღებაზე ბატონო სააკაშვილისგან და ადვოკატისგან უარი მიიღო", - წერია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქართველოს ექსპრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. 22 დეკემბერს ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც.

შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა ამერიკელმა ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა და თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.

XS
SM
MD
LG