Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო: კონფერენციაზე პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტის ადგილი პროტოკოლით გათვალისწინებული იყო ცენტრალურ ადგილზე, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის. იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი დღევანდელ კონფერენციას პროტოკოლის დარღვევის მიზეზით არ დაესწრო, უწყება "ტექნიკური ხასიათის გარემოებას" უწოდებს.

"მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.

პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში",
- წერია განცხადებაში.

დღეს, 26 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაესწრო "ელჩების კონფერენციას", რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე არ მივიდა, იყო პროტოკოლის წესების დარღვევა.

"დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.

დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2022", რომელიც ორ დღეს გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG