Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტის კარიერისთვის ძალიან მძიმე იქნება - კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, "ეს იქნება ძალიან მძიმე მისთვის და მისი კარიერისთვის".

"ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება", - თქვა კალაძემ დღეს, 27 დეკემბერს. ჟურნალისტებთან კომენტარში იგი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაც და მის მდგომარეობას უწოდა "მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები".

"საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ", - ამბობს კალაძე.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე მსგავსი მესიჯბოქსი ჰქონდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. მანაც თქვა, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას გამოიყენებს, "იმიჯს დაიზიანებს".

"როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება დამაზიანებელი იქნება იმიჯისთვის, მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ, წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის. განსხვავებით თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომელიც თავის დროზე მან შეიწყალა, სააკაშვილს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისაკენ მოუწოდებენ პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და წევრები.

პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქართველოს ექსპრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. 22 დეკემბერს ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც. შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა ამერიკელმა ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა და თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.

XS
SM
MD
LG