Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტს 2000-მდე ქალის მიმართვა გადასცეს


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცეს 2 000-მდე ქალის მიმართვა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს მოქალაქეების სახელით, ხელმომწერი ქალები პრეზიდენტს "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასაც სთხოვენ.

"გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება - მიხეილ სააკაშვილის გასანთავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.

არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა.

სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ", - ნათქვამია მიმართვაში.

ხელმომწერთა შორის არიან ნინო სუხიშვილი, ნინო კასრაძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა ჩიჩუა, ელენე ხოშტარია, ჯანა ჯავახიშვილი, ვერა ქობალია, ეკა ბესელია, ნინო დანელია, რუსუდან გოცირიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ნინო ქათამაძე და სხვები.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა „ვივამედში“ მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს, შემდეგი სხდომა ხვალ, 29 დეკემბერსაა დანიშნული.

XS
SM
MD
LG