Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხალხის ძალა" NGO-ების "უცხოური აგენტების" სიაში შესაყვანად კანონპროექტს ქმნის


"ხალხის ძალის" ბრიფინგი
"ხალხის ძალის" ბრიფინგი

საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების ჯგუფი "ხალხის ძალა" ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომლითაც "უცხოური აგენტების" რეესტრში შესვლა მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ. ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი იანვარში დარეგისტრირდება.

"ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით შეიქმნება უცხოური გავლენების აგენტების რეესტრი, რომელშიც რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა NGO-სთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ისახავენ მიზნად.

შემოღებული იქნება უცხოური აგენტის ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომელიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს", - თქვა მაჭარაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ასევე მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც "მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს".

"ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას. დღეს მთელი რიგი მედიასაშუალებები და NGO-ები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან როლს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარების აუცილებელი პირობაა", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ" პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან ცვლილებები განიცადა.

თავდაპირველად აღნიშნული კანონი ამერიკაში შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა და მისი მოქმედების არე დავიწროვდა. ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG