Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი მოჭადრაკე, დიდოსტატი ქალი, საერთაშორისო ტურნირზე ჩადრის გარეშე გამოვიდა

სარა ხადემი ალმატიში მიმდინარე ტურნირზე. 27 დეკემბერი, 2022 წელი
სარა ხადემი ალმატიში მიმდინარე ტურნირზე. 27 დეკემბერი, 2022 წელი

ირანის ერთ-ერთმა წამყვანმა მოჭადრაკე ქალმა, ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისადმი სოლიდარობის ნიშნად, საერთაშორისო ტურნირში თავსაფრის, ჩადრის, გარეშე მიიღო მონაწილეობა. ტურნირი ყაზახეთში გაიმართა.

სექტემბრის მერე მთელი ირანი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებმა მოიცვა. მოძრაობა დაიწყო 22 წლის ირანელი ქურთი ქალის სიკვდილის შემდეგ, როცა პოლიციამ ის ჩადრის არასწორად ტარებისთვის დააკავა.

ირანის ახალი ამბების სააგენტო იტყობინებოდა, რომ ჭადრაკის დიდოსტატმა ქალმა, 25 წლის სარა ხადემიმ ალმატიში, ჩქარ და ბლიც-ჭადრაკში ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა უჩადროდ მიიღო.

ცხრა წელზე უფროსი ირანელი ქალებისთვის საჯარო ადგილებში ჩადრის ტარება - ჰიჯაბი - 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგაა სავალდებულო.

ჰასან თამინიმ, ირანის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარემ, „ფარსის“ სააგენტოს განუცხადა, რომ ქალთა შორის დიდოსტატი, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი, ფიდეს ოსტატი სარა ხადემი საჭადრაკო შეჯიბრში ფედერაციის მხარდაჭერის გარეშე მონაწილეობდა. „ეს მოჭადრაკე მონაწილეობდა დამოუკიდებლად, თავის ხარჯზე... და ჩაიდინა ეს საქციელი“, - განაცხადა მან.

სარა ხადემი, რომლის სრული გვარი და სახელი სარასადათ ხადემალშარიეა, ბოლო ირანელი სპორტსმენია, რომელიც საპროტესტო გამოსვლებისადმი სოლიდარობის ნიშნად ჰიჯაბის გარეშე გამოჩნდა საერთაშორისო შეჯიბრებაზე.

რამდენიმე ირანელი სპორტსმენი და ცნობილი პირი, მათ შორის ფეხბურთის ირანელი ვარსკვლავი ალი დაეი პოლიციაში დაიბარეს, დააკავეს და პასპორტები ჩამოართვეს ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობისთვის.

მთავრობა გამოსვლებში დასავლეთის მთავრობებს სდებს ბრალს.

დემონსტრაციების დროს ხელისუფლების მიერ მოკლულია თითქმის 500 ადამიანი, მათ შორის 62 ბავშვი.

ათასობით ადამიანი დაკავებულია, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის სულ მცირე ას ირანელს ემუქრება სასიკვდილო განაჩენი.

XS
SM
MD
LG