Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქციები დმიტრი მედვედევის „ეროტიკულ ფანტაზიებზე“


კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკის შემდეგ, კრემლსაც გადასწვდა და „ეროტიკული ფანტაზიები“ უწოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის, „პროგნოზებს“, რომელიც მომავალ წელს კოლექტიურ დასავლეთს ნამდვილ არმაგედონს უწინასწარმეტყველებს.

ტელეგრამის არხში 26 დეკემბერს გამოქვეყნებულ თავის ათპუნქტიან „ფუტურისტულ კონცეფციაში“ მედვედევი ევროკავშირის დაშლას, პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინის დასავლეთის ოლქების დაპყრობას, ჩრდილოეთ ირლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას და აშშ-ში სამოქალაქო ომს წინასწარმეტყველებს.

„დიახ, გავეცანი „პროგნოზებს“ და არანაირად არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი ეროტიკულ ფანტაზიებზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ფანტაზიას აქვს ადგილი. მაგრამ მიმაჩნია, რომ ძმები სტრუგაცკები [რუსი მწერლები, სამეცნიერო და სოციალური ფანტასტიკის კლასიკოსები. რედ] ამაში ჩემზე უკეთ გაერკვევიან“, - ასე გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი დმიტრი მედვედევის „პროგნოზებს“.

მედვედევი ჟირინოვსკის ამპლუაში?

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დასაწყებისთანავე დმიტრი მედვედევი მკაცრ განცხადებებს აკეთებს და ღიად ემუქრება დასავლეთის ქვეყნებს. თავის პოსტებში ის ხშირად ახსენებს აპოკალიფსს, არმაგედონს, იყენებს სხვა ბიბლიურ ალუზიებს და არაერთხელ მიანიშნა ასევე რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე.

ნოემბრის დასაწყისში თავის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ ცნობილი „პასუხებში“ დიმიტრი მედვედევი რუსეთის ყველა მტერს „ცეცხლოვან გეენაში გაგზავნით“ დაემუქრა.

ზოგიერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ თავის ასეთი პოსტებით დმიტრი მედვედევი ცდილობს, შეავსოს ის ვაკუუმი, რაც რუსეთში თავისი სკანდალური, ანტიდასავლური გამოსვლებით ცნობილი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა.

„როგორც ჩანს, მედვედევს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ახალ ლიდერად ამზადებენ. სხვაგვარად ძნელი ასახსნელია, მის სულში ჟირინოვსკის სულის ჩასახლება“, - წერს ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, სერგეი ეჟოვი.

Кажется, Медведева готовят в новые лидеры ЛДПР. Иначе объяснить вселение в него духа Жириновского сложно

— Сергей Ежов (@ezhovs) December 26, 2022

მედვედევის მორიგი პოსტის მიმართ გამოთქმული სარკასტული კრიტიკის შემდეგ, მიმომხილველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ჩეჩნეთის ოდიოზურ ლიდერ რამზან კადიროვის შემდეგ, პრიგოჟინია კრემლთან დაახლოებული ის გავლენიანი ბიზნესმენი, რომელიც არ ერიდება რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტის კრიტიკას.

ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სახმელეთო ძალების ერთ-ერთი მეთაური, გენერალი ლაპინი, ფაქტობრივად, დაადანაშაულა უკრაინაში დაპყრობილი ტერიტორიების დაკარგვაში. შემდეგ „პუტინი მზარეულის“ რისხვა თავს დაატყდა პეტერბურგის გუბერნატორს ალექსანდრ ბეგლოვს, რომელიც პრიგოჟინმა უკრაინის არმიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„შეურაცხყოფა შეურაცხყოფისთვის“

კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებული ისტორია. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზედაც უკრაინის ქალაქ ბახმუტთან საბრძოლო პოზიციებზე მყოფი „ვაგნერის“ მებრძოლები ხმამაღლა შეურაცხყოფენ გენერალს. ამით აღშფოთებულმა პუტინისტმა კომენტატორებმა ჩანაწერს უწოდეს „უკრაინული ფეიკი“. მაგრამ მალე ფრონტის ხაზზე ჩავიდა ევგენი პრიგოჟინი და პირადად შეხვდა ამ მებრძოლებს.

„გუშინ ბანდიტმა პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისი „ბოევიკები“ გერასიმოვს გეის უწოდებენ, დღეს კი პრიგოჟინი მედვედევის პროგნოზებს „ეროტიკულ სიზმრებს“ უწოდებს. ასეთი რამის უფლებას თავს ვერ მისცემს უფრო მეტად გავლენიანი კადიროვიც კი. ოხ, ფათერაკში ამოყოფს თავს ეს ბანდიტი“, - წერს ტვიტერში „ინსაიდერის“ მთავარი რედაქტორი, რომან დობროხოტოვი.

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, იური ბუტუსოვი ვარაუდობს, რომ პრიგოჟინ-კადიროვისა და შოიგუ-გერასიმოვის დაჯგუფებებს შორის შეურიგებელი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. „პრიგოჟინსა და კადიროვს სურთ შოიგუსა და გერასიმოვის მოძრობა და მათი ჩანაცვლება საკუთარი დამქაშებით. პრიგოჟინს თავად სურდა დაეკავებინა თავდაცვის მინისტრის პოსტი, ხოლო გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე გენერალ-პოლკოვნიკი სუროივკინის გაყვანა სურს. ახლა ბახმუტის აღებაზეა დამოკიდებული ამ მრავალწლიანი ინტრიგის ბედი“, - წერს ბუტუსოვი, რომელსაც მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ ქალაქ ბახმუტის ხელში აღებას ერთობლივად ცდილობენ კადიროვის მიერ შექმნილი სამხედრო ფორმირებები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“.

თუმცა დმიტრი მედვედევის მიმართ გამოთქმულ ამჟამინდელ კრიტიკას უფრო პრიგოჟინის მიერ საკუთარი გავლენის დემონსტრირებად მიიჩნევს აბას გალიამოვი, პუტინის ყოფილი „სფიჩრაიტერი“, რომელიც კარგად იცნობს კრემლის კულუარებს.

„ამგვარად, პრიგოჟინმა სახალხოდ დაამცირა მედვედევი. საინტერესოა, რომ ეს მან გააკეთა ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე. უფრო სწორად, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი, ეს არის ფუნქციონალური, რეალური დაპირისპირება და არსებითი პრეტენზიები. მედვედევის შეურაცხყოფა, ამ თვალსაზრისით, დიამეტრულად განსხვავდება. ეს არ არის რაიმე პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა. ეს არის შეურაცხყოფა შეურაცხყოფისთვის. პრიგოჟინი იმის აშკარა დემონსტრირებას ახდებს, თუ როგორ სურს საკუთარი სტატუსის ამაღლება: ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში მისთვის ერთადერთი ადამიანია - პრეზიდენტი. და კიდევ: ამ ამბავში არის მკაფიო გაგება იმისა, თუ რამდენად არაპოპულარულია მედვედევი ელიტებში. პრიგოჟინმა უბრალოდ გადაწყვიტა გამოეხატა საერთო აზრი. რასაც ხალხი კულისებში ამბობს, ის მან ხმამაღლა თქვა“, - წერს აბას გალიამოვი.

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მედვედევზე ასე არ ფიქრობს. პირიქით, სკანდალური „პროგნოზების“ გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი, პუტინის პირველი მოადგილე გახდება კიდევ ერთ მის (პუტინის) საქვეუწყებო სტრუქტურაში - სამხედრო-სამრეწველო კომისიაში.

პუტინის „პირველი მოადგილე არაფრის დარგში“

„ბევრი ფიქრობს, რომ დმიტრი მედვედევი სამხედრო-სამრეწველო კომისიის პირველ მოადგილედ იმიტომ დაინიშნა, რომ მას ნაკლები დრო ჰქონდეს მკაცრი პოსტების წერისთვის. გულუბრყვილოები“, - წერს სერგეი მარკოვი იმ კომენტატორების პასუხად, რომლებიც ფიქრობენ, რომ დმიტრი მედვედევი პუტინმა უფუნქციო და ბუტაფორიულ კომისიაში დანიშვნით უფრო დააშორა ძალაუფლების ვერტიკალს.

„უკვე მეორედ მისთვის შეიქმნა ცარიელი ადგილი - „პირველი მოადგილე არაფერში“, - წერს ლეონიდ ნევზლინი.

„რამდენს ცდილობდა კაცი, რომ ბოლო გზაგასაყარზე ნარკოლოგიური სტაციონარისკენ გადაეხვია, ის კი კვლავ გამოაგდეს ქუჩაზე გზის მანიშნებელი წაწერით - „ჰააგისკენ“, - წერს მიხაილ ხოდორკოვსკი.

დაბოლოს, დმიტრი მედვედევის „პროგნოზებს“ სოციალურ ქსელში ილონ მასკიც გამოეხმაურა, რადგან რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მომავალი წლისთვის აშშ-ის სამოქალაქო ომის შედეგად, ტეხასისა და მექსიკის საკავშირო სახელმწიფოს შექმნასა და რესპუბლიკურ შტატებში ილონ მასკის გაპრეზიდენტებას წინასწარმეტყველებს.

თავდაპირველად, მასკმა მედვედევის პროგნოზებს უწოდა „ეპიკური“, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ეს სარკასტული კომენტარი რუსეთის პროპაგანდამ სათავისოდ აიტაცა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა განმარტა, რომ მედვედევის პროგნოზებს „აბსურდულად“ მიიჩნევს.

„ეს უდავოდ არის ყველაზე აბსურდული პროგნოზები, რაც კი მე ოდესმე გამიგონია. და ამავე დროს, ეს არის ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადი ენერგეტიკის პროგრესის შესახებ განსაცვიფრებელი უცოდინარობის დემონსტრირება“, - დაწერა ტვიტერში ილონ მასკმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG