Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თუ გამარჯვებამდე ვიცოცხლე, ოდესაში დაბრუნება მინდა“ - მიხეილ სააკაშვილი


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი, სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი, სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ ომის დროს უკრაინაში ყოფნა არ შეუძლია. ამის შესახებ ის გამოცემა „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

გამოცემის თანახმად, შეკითხვები მიხეილ სააკაშვილს მისი ახლო მეგობრის მეშვეობით გადასცეს. წერილობითი პასუხები კი ნაწილობრივ მეგობრის, ნაწილობრივი კი სააკაშვილის ხელითაა დაწერილი, ვინაიდან, როგორც "უკრაინსკაია პრავდა" წერს, „სააკაშვილს წერაც უჭირს.“

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი საუბრობს საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე, აფასებს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას უკრაინის ომთან მიმართებით. კითხვაზე, ნანობს თუ არა საქართველოში წასვლის გადაწყვეტილებას, რომელსაც მისი დაპატიმრება მოჰყვა, სააკაშვილი უპასუხებს.

„მე დაკავებას არ ვნანობ, არამედ იმას, რომ არ შემიძლია უკრაინაში ყოფნა და ამ ომში აქტიური მონაწილეობა. ვიღვიძებ უკრაინასთან ერთად, ვიძინებ უკრაინასთან ერთად და ვარსებობ უკრაინით."

სააკაშვილის თქმით, ის პუტინის პირადი ტყვეა, ამასთან, საქართველოში ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მისდამი უკიდურესად კეთილგანწყობილია, უსაფრთხოებას არ ეძებს და უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე იქნებოდა და თავს ბედნიერად იგრძნობდა.

კითხვაზე, მოელოდა თუ არა უკრაინაში ომს, სააკაშვილი უპასუხებს, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც წლების წინ წინასწარმეტყველებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას. „მაგრამ არ მჯეროდა, რომ ის კიევს შეუტევდა ასეთი მცირე ძალებით“, - აღნიშნავს იგი.

როგორაა შესაძლებელი საქართველოს ამგვარი ნეიტრალური პოზიცია ომისადმი და რა უჯდება ეს პუტინს? სააკაშვილი ამ კითხვას ასე უპასუხებს:

ეს ნეიტრალური პოზიცია არაა. ასეთ ომში ნეიტრალიტეტი შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს დაუგმია უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, თუმცა მუდმივად დამცინავი ტონით საუბრობენ უკრაინასა და მის ხელმძღვანელობაზე. ამას ნეიტრალიტეტის სუნი არ ასდის. საქართველოს ხელისუფლება არა მარტო ზელენსკის ადანაშაულებს, რომ მან თითქოს სპეცოპერაციით გამომგზავნა ომის გაჩაღების დავალებით, ბოლო დროს ისინი აშშ-საც ადანაშაულებენ, რაც ნათლად წარმოაჩენს ვექტორს. და რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი, როცა საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში, პრეზიდენტის სასახლის წინ მდებარე საშობაო სოფელს ოფიციალურად "რუსული სოფელი" უწოდა?“ - ამბობს სააკაშვილი. (რედ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლის წინ თბილისის მერიის მიერ მოწყობილ საახალწლო სოფელს "რუსული სოფელი" უწოდა. ადმინისტრაციაში 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე მან ასევე თქვა, რომ მიუღებელია ის, რაც დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხდება.)

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთიდან მობილიზაციას გამოქცეული რუსების მიმართ საქართველოში ბევრს "ზიზღი აქვს", იმ დონეზეც კი, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიური განცხადებების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებასაც კი გეგმავს“.

რით იქნებოდა დაკავებული, თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში რომ ყოფილიყო? ამ საკითხის კომენტირებისას სააკაშვილი ამბობს, რომ, პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით იქნებოდა, რომელსაც ჩერჩილის შემდეგ გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევს.

ამასთან, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოს შემოივლიდა მრავალრიცხოვანი კავშირების გამოყენებით უკრაინისთვის დახმარების მობილიზაციისთვის, იქნებოდა ასევე წინა ხაზზე უკრაინელი და ქართველი მებრძოლების დასახმარებლად.

სააკაშვილი ახსენებს უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ და უკრაინელ მებრძოლებს. ამბობს, რომ მეომრებმა დაბადების დღის მისალოცი წერილიც გაუგზავნეს.

თავს 100 %-ით უკრაინელად ვგრძნობ და ამით ასე არასდროს მიამაყია“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ექსპრეზიდენტის თანახმად, ის მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, რომელიც „სუპერეფექტურად“ მუშაობს, ასევე მინისტრებთან მიხაილო ფედოროვთან (ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი), ოლექსანდ კურბაკოვთან (უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი), უმაღლესი რადის დეპუტატებთან, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელ დავით არახამიასთან.

მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, უკრაინაში ომი რუსეთის სრული მარცხითა და დაშლით დასრულდება.

„თუ გამარჯვებამდე ვიცოცხლე (მჯერა, რამდენიმე თვეში), ოდესაში დაბრუნება მინდა, ზღვის ხედით ტკბობა და მეგობრების გამასპინძლება“, - ამბობს სააკაშვილი გამოცემა "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG