Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა - ხატია დეკანოიძე


ხატია დეკანოიძე, პარლამენტის დეპუტატი, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი
ხატია დეკანოიძე, პარლამენტის დეპუტატი, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დღეს, 30 დეკემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა“. ის ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2 იანვრის შემდეგ დეპუტატებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეეძლებათ.

ჩვენ დღეს შეგვეზღუდა პარლამენტის წევრებს, პარლამენტის წევრების უფლება, მოვინახულოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ ეს უფლებაც პრაქტიკულად შეზღუდული გვქონდა, იმიტომ რომ ეს უფლება არ გამოიყენებოდა ყოველდღიურად, არამედ კვირაში ორჯერ კონკრეტული პარლამენტის წევრების მიერ. ამდენად, ეს სრული იზოლაცია, რომელიც დასრულდა კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო, არის კონკრეტულად იმის დასტური, რომ მისი პოლიტიკური იზოლაცია, ისევე როგორც მისი ჰუმანური იზოლაცია, მისი ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია არის ხელისუფლების, პრაქტიკულად, საბოლოო გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ გაუარესდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2 იანვრის შემდეგ დეპუტატებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეეძლებათ, დღეს, 30 დეკემბერს, გამოქვეყნდა. საქართველოს პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შალვა პაპუაშვილმა ეს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრის თხოვნის საფუძველზე და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

"2021 წლის 3 ოქტომბრიდან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე გაიცა 228 ნებართვა, რაც თავის მხრივ აჩვენებს, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან ამ უფლების მინიჭებაზე მიმართვა დიდი ხანია გასცდა მიმართვაში აღნიშნულ მიზანს - პატიმრის მიერ სასჯელის მოხდის პირობების გაცნობას - და გამოიყენება, უშუალოდ პატიმართან, პირადი თუ საქმიანი ხასიათის შეხვედრისთვის, რაზეც არაერთხელ საჯაროდ მიუთითა პარლამენტის თავმჯდომარემ", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატიმრობის კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და სახალხო დამცველს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. ამავე კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება ერთჯერადად მიანიჭოს პარლამენტის რომელიმე წევრს.

სააკაშვილის მონახულება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გარდა, შეიზღუდა კლინიკა "ვივამედის" კარანტინითაც. საავადმყოფომ, სადაც მსჯავრდადებული სააკაშვილი სამკურნალოდ იმყოფება, 29 დეკემბერს თქვა, რომ კარანტინი გამოცხადებულია გამწვავებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ექსპრეზიდენტთან შესვლა მხოლოდ ტესტირების შემდეგ, სპეციალური ეკიპირებით იქნება შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG