Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა განაცხადა, რომ წუხელ იერიში მიიტანა უკრაინის "სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე"


ახალი წლის ღამით კიევის თავზე ჩამოგდებული ირანული წარმოების კამიკაძე დრონი.
ახალი წლის ღამით კიევის თავზე ჩამოგდებული ირანული წარმოების კამიკაძე დრონი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 იანვარს განაცხადა, რომ დარტყმები მიაყენა „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“. სამინისტროს თანახმად, დარტყმები განხორციელდა ობიექტებზე, რომლებიც სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დარტყმებით განადგურდა დრონების შესანახი და გამშვები ობიექტები.

ღამით მთელს უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კიევში განგაში ოთხ საათზე მეტ ხანს მოქმედებდა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად ქვეყნის მასშტაბით დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და 50 ადამიანი დაიჭრა.

მოგვიანებით, კვირას, ხმელნიცკის ოლქის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა 22 წლის ქალი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, შაბათს რუსეთის ჯარებმა უკრაინის მიმართულებით გაისროლეს 20-ზე მეტი რაკეტა, რომელთაგან 12 ჩამოგდებულია.

ახალი წლის ღამით კიევის ოლქში დრონების იერიში განხორციელდა ინფრასტრუქტურაზე, ერთი ობიექტი დაზიანებულია. ამის შესახებ იტყობინება რეგიონის ხელმძღვანელი ოლექსი კულება. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ დააზუსტა, რომ ახალი წლის ღამით კიევის ოლქში ჩამოგდებულია 32 დრონი. ყველა მათგანი ირანშია წარმოებული.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქებები მოხდა ქალაქის ორ რაიონში.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დარტყმები განახორციელეს ხერსონის ოლქში. ამის შესახებ ტელეგრაფში იტყობინება ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი.

წუხელ ხერსონი 18-ჯერ დაიბომბა. ჭურვები მოხვდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, კერძო და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

თავის მხრივ, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება ქალაქ შებეკინოზე უკრაინის მხრიდან იერიშზე. გლადკოვის თქმით, დაზიანებულია ორი კერძო სახლი და გაზის მომარაგების ობიექტი.

XS
SM
MD
LG