Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: გაიმართება ნატოს მინისტერიალი თავდაცვითი ხარჯების შესაძლო გაზრდის თაობაზე


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოაცხადა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შესახებ, რომელიც თავდაცვით ხარჯებს მიეძღვნება. შეხვედრის ფონია ალიანსში ამ საკითხზე გაჩენილი უთანხმოება.

ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვს თავდაცვითი ხარჯების ზედა ზღვრის გამკაცრებას. ამჟამად ის ნატოს ყოველი წევრისთვის საერთო შიდა პროდუქტის 2%-ს უდრის.

ეს მაჩვენებელი ნატოს უელსის სამიტზე შეთანხმდა 2014 წელს, მაგრამ ის სასურველი მიზანია და არ ატარებს აუცილებელ ხასიათს.

ზოგ ქვეყანას, მაგალითად, კანადას და ბელგიას, საკუთარი საერთო შიდა პროდუქტის 2%-ზე ბევრად ნაკლები შეაქვს თავდაცვის საერთო ფონდში.

ნატოს თანახმად, ამჟამად ზოგი ქვეყანა მოითხოვს, რომ 2% აუცილებელი მინიმუმი გახდეს ნატოს ყველა წევრისთვის. როგორც BBC წერს, საქმე შეიძლება ეხებოდეთ პოლონეთს, ლიეტუვასა და დიდ ბრიტანეთს.

„ჩვენ შევხვდებით, გავმართავთ მოლაპარაკებებს მინისტრების დონეზე და მოლაპარაკებებს დედაქალაქებში“, - თქვა სტოლტენბერგმა.

მან ასევე თქვა, რომ ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს არაუგვიანეს ნატოს შემდეგი სამიტისა, რომელიც ვილნიუსში გაიმართება 11-12 ივლისს.

ექსპერტების შეფასებით, თავდაცვითი ხარჯების გაზრდის თაობაზე ნატოს ევროპელი წევრების ინიციატივა დაკავშირებულია ევროპაში ომთან, რუსეთის მუქარასთან და უკრაინის სამხედრო დახმარებასთან.

XS
SM
MD
LG