Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რომეო და ჯულიეტას“ ვარსკვლავები ჩივიან 1968 წლის ფილმში მოზარდთა სიშიშვლის სცენების გამო


„რომეო და ჯულიეტას“ (1968) ვარსკვლავები ლენარდ უაითინგი და ოლივია ჰასი
„რომეო და ჯულიეტას“ (1968) ვარსკვლავები ლენარდ უაითინგი და ოლივია ჰასი

1968 წლის ფილმ "რომეო და ჯულიეტაში" ორი მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობებმა 3 იანვარს საჩივარი შეიტანეს კომპანია Paramount Pictures-ის წინააღმდეგ. მსახიობები 500 მილიონ დოლარზე მეტს ითხოვენ ფილმში ჩართული სცენის გამო, რომელშიც ისინი, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, შიშვლები არიან.

ოლივია ჰასიმ, რომელიც ფილმის გადაღებისას 15 წლის იყო, ახლა კი 71 წლისაა და ლენარდ უაითინგმა, რომელიც ფილმში 16 წლისაა, ახლა კი - 72-ის, საჩივარი შეიტანეს ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლოში, სექსუალური ძალადობის, სექსუალური ზეწოლის და თაღლითობის ბრალდებებით.

საჩივრის თანახმად, ფილმის რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ - რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა - მსახიობებს თავიდან უთხრა, რომ საძინებელში გადაღებულ სცენაში მათ კანის ფერის საცვლები ეცმებოდათ. ეს სცენა ფილმის მეორე ნაწილშია და ის სურათზე მუშაობის ბოლო ფაზაში გადაიღეს.

თუმცა, საჩივარში ვკითხულობთ, რომ გადაღების დილას ძეფირელიმ ჯულიეტას როლის შემსრულებელ ჰასის და რომეოს როლის შემსრულებელ უაითინგს უთხრა, რომ მათ სხეულებზე მხოლოდ კოსმეტიკურ საშუალებებს წაუსვამდნენ და დაარწმუნა, რომ კამერას მოათავსებდა ისეთი პერსპექტივით, რომლითაც სიშიშვლე არ წარმოჩინდებოდა.

მაგრამ, საჩივრის თანახმად, მსახიობების შიშველი სხეულები მაინც გადაიღეს, ისე, რომ თავად მსახიობებმა ეს არ იცოდნენ - რაც წარმოადგენდა კალიფორნიაში და ფედერალურ დონეზე მოქმედი კანონების დარღვევას, უხამსობის და ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ.

ძეფირელიმ მსახიობებს უთხრა, რომ სიშიშვლე უნდა განესახიერებინათ, სხვა შემთხვევაში "ფილმი ჩავარდებოდა", რაც მათ კარიერაზე ცუდად იმოქმედებდა, ვკითხულობთ საჩივარში. მსახიობებს "სჯეროდათ, რომ არ ჰქონდათ სხვა არჩევანი, გარდა სიშიშვლის განსახიერებისა სხეულზე კოსმეტიკური საშუალებებით, როგორც ეს მოთხოვნილი იყო".

სცენაში წამიერად ჩანს უაითინგის შიშველი უკანალი და ჰასის შიშველი მკერდი.

ფილმი "რომეო და ჯულიეტა" და მასში შესული სიმღერა გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. ამ ფილმს სკოლების მაღალი კლასების მოწაფეებს ათწლეულებია უჩვენებენ, როცა ისინი პროგრამით შექსპირის ამ ტექსტს სწავლობენ ხოლმე.

სარჩელის თანახმად, ჰასის და უაითინგს ემოციური ზიანი და ფსიქოლოგიური შფოთვა ჰქონდათ ათწლეულების განმავლობაში და ორივე მათგანის შემდგომ კარიერაზე ამ ფილმის წარმატება არ ასახულა.

ზიანის ხარისხის და ფილმის მიერ მოტანილი მოგების გათვალისწინებით, მსახიობებს კომპენსაციის სახით ეკუთვნით 500 მილიონ დოლარზე მეტი, ვკითხულობთ სარჩელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG