Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით აქციები გაიმართა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში


სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 4 იანვარი, 2022 წელი
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 4 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გადარჩენის მოთხოვნით დღეს, 4 იანვარს, აქციები გაიმართა საქართველოს დიდ ქალაქებში.

თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში ჩატარებული აქციები არის გაგრძელება საპროტესტო გამოსვლებისა, რომლებიც დღეს რუსი ადვოკატის, ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ორგანიზებით შედგა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში.

თბილისში საპროტესტო აქცია ორ ადგილას გაიმართა: მშვიდობის ხიდთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით შეკრებილმა მოქალაქეებმა გადმოკიდეს ბანერი "თავისუფლება მიშას" და მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს.

აქცია მშვიდობის ხიდზე
აქცია მშვიდობის ხიდზე

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი ენმ-ის წევრი და თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მივიდა მხარდამჭერებთან ერთად, კანცელარიის კედელზე პროექტორით მიანათა სააკაშვილის პატიმრობამდე და პატიმრობისას გადაღებული ფოტოები იმის დასტურად, როგორი მძიმეა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მსვლელობით გაემართა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმართულებით.

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან

ბათუმში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ გაიმართა და მასში 200-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.

"მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობას აქციას, რომელიც მთელ მსოფლიოში იმართება, ბათუმიც უერთდება. ჩვენ გვინდა შევაგნებინოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰყავდეთ ტყვეობაში, რომ გაუშვან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მისი სიცოცხლის გადარჩენა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესშია", - უთხრა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ. მისივე ინფორმაციით, ბათუმის ორგანიზაციის მხარდამჭერთა ნაწილი დღესვე იმყოფებოდა შეკვეთილში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.

აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში

შეკვეთილში დღეს აქცია გამართეს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ და მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც ზღვისპირეთში ჩასვლამდე ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებოდნენ - აქციამ ჭორვილაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

აქცია გაიმართა ქუთაისშიც, ყოფილი პარლამენტის შენობასთან. როგორც ქუთაისის საკრებულოს წევრმა გიორგი კილაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ადგილის შერჩევა სიმბოლურად მოხდა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი გახდა.

"დღეს ისე, როგორც არასდროს, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ფიზიკურად შეუძლებელია მან საქართველოში მიიღოს ისეთი სამედიცინო დახმარება, როგორიც სჭირდება, ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაუშვას ის სამკურნალოდ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში", - უთხრა გიორგი კილაძემ ჟურნალისტებს.

აქცია ქუთაისში
აქცია ქუთაისში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მონაწილეობდა ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციაში.

"ვაკეთებთ არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის... დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი", - თქვა ნიკა მელიამ მედიასთან დღეს.

ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად
ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად

"ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენ არ შეიძლება ვსაუბრობდეთ ელემენტარულ რაღაცაზე, ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე. მანამ, სანამ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება, რასაც ჰქვია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, სხვადასხვა ფორმით ჩვენ [ აქტივობას გავაგრძელებთ]", - უთხრა ჟურნალისტებს აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ. ის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 თანაგუნდელთან ერთად 2022 წლის მიწურულს რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა პარლამენტის შენობაში.

ზუგდიდშიც, სხვა ქალაქების მსგავსად, მოქალაქეებმა სანთლებით დაწერეს გზის სავალ ნაწილზე "გადაარჩინე მიშა" ანუ #savemisha.

აქცია ზუგდიდში
აქცია ზუგდიდში

"სრულიად გაოგნებული იყო იმით, რაც ხდება დღეს მარტო ჩვენთან კი არა, რაც ხდება მსოფლიოში. ძალიან მადლობელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გმირობას უდრის იმ ადამიანებისთვის [ემიგრანტებისთვის], იმიტომ რომ ისინი იქ მუშაობენ. ლუკმა-პურის საშოვნელად არის ზოგიერთი წასული და მაინც რაღაცნაირად ახერხებენ", - უთხრა დღეს კლინიკა "ვივამედთან", სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისის შემდეგ მკურნალობს, ჟურნალისტებს ესპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ. შვილის მონახულების შემდეგ მან განაცხადა, რომ სააკაშვილი თითქმის ვერ გადაადგილდება და სულ წევს.

ცნობილია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით - მთავრობის წევრები მიიჩნევენ, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს საქართველოში აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG