Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოძიება დაიწყო ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე აღიძრა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.

მეორე დღეა, მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანს, ვანო მერაბიშვილს, თავს დაესხნენ. დღეს "რუსთავი 2-მა" ჩაწერა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მომღერლისა და ტელეწამყვანის, გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" სიძე გიგიშა შარაშენიძე - არხის ინფორმაციით, სწორედ მან იძალადა ყოფილ პრემიერ-მინისტრზე.

"დაპირისპირება მოხდა ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას", - უთხრა "უცნობის" სიძემ "რუსთავი 2-ს".

საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ცემისთვის ან სხვაგვარი ძალადობისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ 2022 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ღიად ანტიდასავლური და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ქსელი ფეისბუკზე "უცნობთან" დაკავშირებულ შვიდ გვერდს აერთიანებს. ესენია: "არ აგარევინებთ"; "არ აგარევინებთ • ar agarevinebt"; "აი უცნობი • i ucnobi"; "აი ია"; "Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი"; "Fun Politic"; „მიშინგი".

თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა გია გაჩეჩილაძესთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია "აი ია". სწორედ შაქარიშვილმა ისაუბრა 3 იანვარს ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის შესახებ პირველმა.

"გუშინ საღამოს "მოხვდა" ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში! "მოხვდა", ყველა გამწარებული, შეურაცხყოფილი, ნაწამები ადამიანის სახელით! მოხვდა და ეს თქვენი, ოდესღაც “უძლეველი ძალოვანი” უკანასკნელი ვირთხასავით გაიქცა, ჩამოიფერთხა და გაიძურწა! როგორც ვიცი პოლიციაშიც არ განუცხადებია, ალბათ არ უნდა სექტამ ასეთ მდგომარეობაში იხილოს!" - წერდა ის სოციალურ ქსელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG