Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურ "ვარკეთილის" რემონტი 18 თვე გაგრძელდება - ახალი ხელშეკრულება დეკემბერში დაიდო


ფოტოკოლაჟი: მეტროსადგური "ვარკეთილი"
ფოტოკოლაჟი: მეტროსადგური "ვარკეთილი"

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში ტენდერის გარეშე გააფორმა ხელშეკრულება მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სამუშაოების ჩასატარებლად. მერიამ სადგურის რეაბილიტაცია დაუკვეთა კომპანია "ბადა ქონსთრაქშენს", რომელიც კიდევ ერთ მეტროსადგურს, "ავლაბარსაც" არემონტებს.

სადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია 13 398 612 ლარი ჯდება.

სამუშაოების აღწერა:

  • საზოგადოებრივ სივრცეებში ჭერის დემონტაჟი (ზედა ვესტიბიულში თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი; დახრილ გვირაბში, ქვედა ვესტიბიულსა და გამანაწილებელ დარბაზში აზბესცემენტის ფილებისაგან მოწყობილი წყალამრიდი ქოლგა);
  • იატაკის ბუნებრივი გრანიტით მოპირკეთების დემონტაჟი;
  • კედლებზე მარმარილოს მოპირკეთების დემონტაჟი;
  • კარების, ვიტრაჟების სარევიზიო სარკმლების დემონტაჟი;
  • საინჟინრო ქსელების (გათბობა–გაგრილება, ვენტილაცია, წყალ–კანალიზაცია, ელექტროსისტემები, სუსტი დენები) შეკეთება–განახლება;
  • საზოგადოებრივ სივრცეებში ინტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები: იატაკების მომზადება, დამუშავება და მოპირკეთება კერამიკული ფილით, კედლების მომზადება, დამუშავება და მოპირკეთება კერამიკული ფილით, კედლებისა და ჭერების მომზადება, დამუშავება და შეღებვა, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები - კონსტრუქციების შეფუთვა;
  • შეკიდული ჭერის ე.წ. ქოლგის გამოცვლა ცემენტის ფილებით;
  • საზოგადოებრივ სივრცეებში ელ. გაყვანილობის მოწყობა და სანათების მონტაჟი;
  • ესკალატორის ბალუსტრადების გამოცვლა;
  • კარების, ვიტრაჟებისა და სალაროების სარკმლების მონტაჟი დეკორატიული ელემენტებით;
  • სკამების მონტაჟი;
  • ლაითბოქსების მონტაჟი.

ჯერ არ არის ცნობილი, რეაბილიტაციის პროცესში მოუწევს თუ არა სადგურს მუშაობის შეჩერება და რამდენი ხნით.

მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" 2022 წლის მაისში, ტენდერის საფუძველზე დაუკვეთა. 12 760 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ნოემბერში იმ მიზეზით შეწყდა, რომ "კვლავ არ იყო წარმოდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი".

მეტროსადგურ "ვარკეთილის" ბაქანზე ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა. იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბაქანს რეაბილიტაცია არ ჩასტარებია. ბოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ სადგურში მოქმედი ხელისუფლების დროს შესრულდა. მაშინ თბილისის მერი დავით ნარმანია იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG