უკრაინა ომის გადამწყვეტ ფაზაში შედის და მისი ერთადერთი მიზანია გამარჯვება, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
„მიზანი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: უკრაინის გამარჯვება. მხოლოდ ასე შეიძლება ევროპაში მყარი და სამართლიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - დაწერა მან ფეისბუკში.
კულებას თქმით, წელს უკრაინა მოკავშირეებისგან მიიღებს შეიარაღებას, რომლის მიღება ვერ მოხერხდა 2022-ში.
ამისთვის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღე მართავს მოლაპარაკებებს მსოფლიოს ლიდერებთან და იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებებიდან ზოგიერთი პირდაპირ ამ მოლაპარაკებების დროს მიიღება, თქვა მინისტრმა.
„ბორბლებიანი ტანკები და დაჯავშნილი მანქანები საფრანგეთიდან, ჯავშანტრანსპორტიორები Bradley და Marder-ი აშშ-დან და გერმანიიდან, Patriot-ის დამატებითი ბატარეა გერმანიიდან, ჭურვები და მრავალი სხვა. და კიდევ დაელოდეთ ამერიკის ახალი პაკეტის გამოცხადებას! [...] დიპლომატიურმა გუნდმა მოახერხა მოკავშირეების დარწმუნება: იარაღთან დაკავშირებით ტაბუს დრომ ჩაიარა“, - დაწერა კულებამ.