Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის სასამართლომ გაამართლა თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი - პრეზიდენტობის კანდიდატი


ანდრეი ბაბიში. პრაღა. 10 ოქტომბერი, 2021 წელი
ანდრეი ბაბიში. პრაღა. 10 ოქტომბერი, 2021 წელი

პრაღაში 9 იანვარს სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანდრეი ბაბიშს, რომელიც მომავალ კვირას საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.

მოსამართლის თქმით, ბაბიშის ქმედებაში დანაშაული ვერ აღმოაჩინეს. ბრალდებას უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

ბაბიშს ბრალად ედებოდა თაღლითობა ევროკავშირის სუბსიდიებთან, 2 მილიონ ევროსთან დაკავშირებით. ბრალდების ვერსიით, ბაბიშმა უკანონოდ გამოიყენა სუბსიდია საკუთარი საკონფერენციო ცენტრის ასაშენებლად პრაღის მახლობლად.

ბრალდება ამტკიცებს, რომ ბაბიში, რომელიც მილიარდერი და მსხვილი საწარმოების მფლობელია, მალავდა ფაქტს, რომ სასტუმრო მისი საკუთრებაა, რათა გამოეყენებინა მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სუბსიდიები.

ყოფილმა პრემიერმა სასამართლოზე აღიარა, რომ იყენებდა სქემას, რაზეც ბრალდება ლაპარაკობს, მაგრამ კანონს არ არღვევდა. ბაბიში მიიჩნევს, რომ სასამართლო დევნა მის მიმართ, რომელიც მისი პრემიერობის დროს დაიწყო, პოლიტიკური ხასიათისაა.

სახელმწიფო ბრალდება მოითხოვდა, რომ ბაბიშისთვის პირობითი სასჯელი მიესაჯათ და ფულადი ჯარიმა დაეკისრებინათ.

ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატი და ამ ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, ANO-ს თავმჯდომარეა. ის მთავრობას ხელმძღვანელობდა 2017-დან 2021 წლამდე. 2021 წელს მისმა პარტიამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ პარლამენტში ვერ შექმნა კოალიცია და ოპოზიციაში აღმოჩნდა. მას ოპონენტები პოპულიზმში ადანაშაულებენ.

ბაბიშმა თავისი კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტის თანამდებობაზე. არჩევნების პირველი ტური 14-15 იანვარს გაიმართება. გამოკითხვებით, ის მეორე ტურში გავა. მისი მთავარი მეტოქეები არიან გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი, რომელიც რუსეთის მიმართ მკაცრი ხაზის მომხრეა და დანუშე ნერუდოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მის ოპონენტებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG