Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია: უზენაესში გამართლების იმედი არ მაქვს, მხოლოდ დროულად დასრულებას ვითხოვ


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფი დირექტორის სახელით მის სოციალურ გვერდზე მიმართვა გამოქვეყნდა. ნიკა გვარამია მადლობას უხდის საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას, Human Rights Watch-ს, მის შესახებ "დიდი სიზუსტით გაკეთებული მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნისთვის".

ის ასევე მადლობას უხდის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, თავის ადვოკატებს, ოჯახის წევრებს და აღნიშნავს, რომ უზენაეს სასამართლოში საქმის მოგების იმედი არ აქვს.

"მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოვუწოდებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს ჩემი საქმის განხილვა. ცხადია, გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება. ერთადერთი, ვთხოვ, დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და იქ ვიბრძოლო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად", - წერია მის მიმართვაში.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდში, სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამიას ადვოკატმაც და პროკურატურამაც საქმე სააპელაციო სასამართლოში წაიღეს. სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორი პატიმრობაში დატოვა.

XS
SM
MD
LG