Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად აპირებს მოქმედებას "ვაგნერის" საქმიანობის აღსაკვეთად


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

აშშ აპირებს აღკვეთოს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობა. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ, რომელიც 12 იანვარს ბელგრადში შეხვდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხვა საკითხებთან ერთად განიხილა „ვაგნერის“ საქმიანობა.

სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, შოლემ განაცხადა, რომ „ვაგნერი“ ცდილობს ჯარისკაცები დაიქირაოს სერბეთსა და სხვა ქვეყნებში, რაც დაუშვებელია და აშშ მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მუშაობას მთავრობებთან ბელგრადში და სხვაგან, სადაც „ვაგნერი“ აქტიურობს, რათა მის საქმიანობას ბოლო მოეღოს.

ამ კვირაში, გამოცემა Politicо წერდა, რომ შეერთებული შტატები აგროვებს ინფორმაციას „ვაგნერელების“ საქმიანობაზე სერბეთში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ განიხილავს „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში. აშშ-ს პრიგოჟინისა და "ვაგნერისთვის" სანქციები აქვს დაწესებული.

XS
SM
MD
LG