სამეგრელოში მესამე დღეა, ძლიერი ქარით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. სტიქიამ განსაკუთრებით რეგიონის 5 მუნიციპალიტეტი: აბაშა, ხობი, სენაკი, ფოთი და ზუგდიდი დააზარალა.
გვიან ღამით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში ერთი ოჯახის ევაკუაციაც გახდა საჭირო. დოლიძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი, იყო შენობის დანგრევის საფრთხე, რის გამოც მერიამ ისინი დროებით სასტუმროში გადაიყვანა.
„6 სული ვართ ოჯახში... მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ისინი შეშინებული იყვნენ...წუხელ შიფერი ცვიოდა სახურავიდან. ქარმა ააძრო. მე თვითონ ავედი და ვეცადე გამემაგრებინა, მაგრამ ხელი დავიზიანე. მეტი საფრთხე იყო და დავრეკეთ ცხელ ხაზზე“, - თქვა ჯამბულ დოლიძემ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ოჯახი სასტუმროში დარჩება, სანამ სახლს გადახურავენ.
საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას სენაკში სტიქიისას დაზარალებული სამი მოქალაქე. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები მიიღეს 12 იანვარს, როცა სამარშრუტო მიკროავტობუსით გადაადგილებისას, ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა.
სენაკში კლინიკა "არქიმედეს" სამედიცინო დირექტორმა მარეხ ადანაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ორი მათგანი, რომელთა მდგომარეობა შედარებით მძიმედ შეფასდა, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი ადგილზე აგრძელებს მკურნალობას.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 13 იანვრის დილის მონაცემებით, ქარის შედეგად, რეგიონში ჯამში დაზიანდა 966 კერძო სახლის და 38 კორპუსის, 2 ამბულატორიის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 3 საჯარო სკოლის დარბაზის და 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავები. ოფიციალური ინფორმაციითვე, ელექტროენერგია არ მიეწოდება დაზარალებული მუნიციპალიტეტების 114 ადმინისტრაციულ ერთეულს.
მესამე დღეა, წყალი არ მიეწოდება ზუგდიდის მოსახლეობას. როგორც მერმა მამუკა წოწერიამ განმარტა, მიზეზი წყალმომარაგების სისტემისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა გახდა. მისი თქმით, ქსელს დენის მიწოდება უკვე აღუდგა, ამიტომ მოსახლეობის წყალმომარაგებაც ეტაპობრივად დაიწყება.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მათი ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ „სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად დროულად მოხდეს დენის მიწოდების აღდგენა“.
სტიქიის გამო სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებულმა მიმართა და მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ გარეთ, საჭიროების შემთხვევაში კი დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.
სტიქიის გამო მოსახლეობას აფრთხილებს საქართველოს რკინიგზაც. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები“.
განცხადების თანახმად, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და მათ გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს.