Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში აფეთქდა რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ავტომანქანა


უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ბერდიანსკში, პარასკევს საღამოს აფეთქდა რუსეთის მიერ დანიშნული სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსეი კიჩიგინის მანქანა. ამის შესახებ იტყობინება ოლქის რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმირ როგოვი. აფეთქების სავარაუდო მიზეზია ტერაქტი. კიჩიგინმა მოასწრო მანქანის ქვეშ საეჭვო საგნის შენიშვნა და გარიდება. ის არ დაშავებულა.

როგოვის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე შეესაბამებოდა დაახლოებით 1 კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას ტროტილის ეკვივალენტით.

სექტემბრის დამდეგს ბერდიანსკში ააფეთქეს რუსეთის მიერ დანიშნული სამხედრო კომენდანტის, არტიომ ბარდინის ავტომობილი. ბარდინი საავადმყოფოში გარდაიცვალა მიღებული ტრავმების შედეგად.

უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე რეგულარულად ხდება თავდასხმები მოსკოვის მიერ დანიშნულ ჩინოვნიკებზე. რუსეთი ამაში უკრაინას ადანაშაულებს. კიევი ოფიციალურად არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.

XS
SM
MD
LG