Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Gulagu.net: "ვაგნერის" ყოფილმა მეთაურმა თავშესაფარი ითხოვა ნორვეგიაში


ანდრეი მედვედევი, გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი წევრი
ანდრეი მედვედევი, გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი წევრი

რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილმა მეთაურმა ანდრეი მედვედევმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა ნორვეგიისგან, იუწყება უფლებადამცველი ფონდის, Gulagu.net-ის დამაარსებელი ვლადიმირ ოსეჩკინი.

მისი თქმით, მედვედევმა რუსეთ-ნორვეგიის საზღვარი გადალახა მურმანსკის ოლქის სოფელ ნიკელის რაიონში - ორ ღობეზე გადაძვრა და შემდეგ, ძაღლების ყეფის და მესაზღვრეების მხრიდან სროლის ფონზე, ტბის გაყინული ზედაპირით გაიქცა. მედვედევმა მიაღწია საზღვართან მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და მოსახლეებს პოლიციის გამოძახება სთხოვა.

ყოფილი "ვაგნერელი" დაცვასთან ერთად ჩაიყვანეს დედაქალაქ ოსლოში, სადაც დაასახლეს მიგრაციული კანონების დამრღვევთათვის განკუთვნილ ცენტრში. ოსეჩკინის თქმით, თავშესაფრის მიღების პროცედურა უკვე დაწყებულია. ნორვეგიაში მედვედევი გეგმავს ჩვენების მიცემას "ვაგნერის" დამაარსებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ.

ოსეჩკინმა ასევე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელზეც, როგორც ამბობენ, მედვედევი ჰყვება თავისი გაქცევის გარემოებებზე. "უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან პირველად ხდება, რომ 'ვაგნერის' ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში გაიქცა და მზადაა ჩვენება მისცეს", - წერს ოსეჩკინი.

ტომსკის ოლქის მოსახლე მედვედევმა "ვაგნერთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისში გააფორმა, ოთხი თვის ვადით. ის ლუგანსკის ოლქში მიავლინეს და ერთ-ერთი ქვედანაყოფი ჩააბარეს. მედვედევი ამბობს, რომ მონაწილეობდა ბრძოლებში ბახმუტის სიახლოვეს და იყო ყოფილი მსჯავრდადებულის, ევგენი ნუჟინის მეთაური. ნუჟინი, როგორც ვარაუდობენ, "ვაგნერის" წევრებმა უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მოკლეს.

XS
SM
MD
LG