Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს" - მიხეილ სააკაშვილს პროცესზე ფიზიკურად დასწრების რეკომენდაცია არ მისცეს


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი, 2022 წელი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 22 დეკემბერი, 2022 წელი

დღეს, 17 იანვარს, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ფიზიკურად დასწრების საშუალება არ მიეცა. სასამართლო მისი სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეს განიხილავს.

მსჯავრდადებულის დასწრებაზე ოქმის ტექსტი მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა:

" ჩვენ [პენიტენციური სამსახურის] მიერ მსჯავრდებულისთვის შეთავაზებულ იქნა დისტანციურად ჩართვა, რაზეც მან უარი განაცხადა და ითხოვს სასამართლოზე წარდგენას. მკურნალი ექიმის განმარტებით, იგი მსჯავრდებულს არ აძლევს სასამართლოზე ტრანსპორტირების რეკომენდაციას", - თქვა მოსამართლემ და განმარტა, რომ ამავე ოქმს ხელს აწერენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, თავად მიხეილ სააკაშვილი და ასევე არის მისი მინაწერი: "მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს".

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მან გუშინ, 16 იანვრის საღამოს, მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და სწორედ მაშინ პირადად სააკაშვილმა დაწერა პენიტენციური სამსახურის სახელზე პროცესზე დასწრების თხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თანახმაა, რომ განხილვა მის გარეშეც გაგრძელდეს, რათა არ გაჭიანურდეს. ადვოკატმა დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ სურს 20 იანვარს დაგეგმილ სხდომას ფიზიკურად დაესწროს.

"სააკაშვილს აქვს სურვილი, მიიღოს სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს. ეს არის ერთი მყარი მტკიცებულება, რომ იგი სასჯელს ვერ მოიხდის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის მას სასჯელის მოხდაში", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" იმყოფება. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ერთ თვეზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG