Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობას ტოვებს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე, რომელიც წულუკიანის დროსაა დანიშნული


თეონა ჯაყელი
თეონა ჯაყელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი თანამდებობას ტოვებს. ის ამ პოსტზე კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, 2022 წლის მარტიდან მუშაობდა.

"გენერალური დირექტორის მოადგილე მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებით, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში", - ეწერა 2022 წლის 15 მარტს კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც თეონა ჯაყელის დანიშვნის შესახებ იუწყებოდა.

როგორც რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი წყარო უყვება, თეონა ჯაყელს რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მუზეუმის გენერალური დირექტორის მეორე მოადგილესთან, ნიკა ახალბედაშვილთან. ინფორმაციის გადამოწმება რადიო თავისუფლებამ რამდენიმე ადამიანთან სცადა, მათ შორის თეონა ჯაყელთანაც, რომელმაც თქვა, რომ "ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს".

მუზეუმის პრესსამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დირექტორის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით კითხვას "პასუხს ვერ გასცემდა", დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კი აღნიშნა, რომ ახლა შვებულებაშია, თუმცა ამ ინფორმაციას ფლობს.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში წერილობით, ერთი სიტყვით უპასუხეს თეონა ჯაყელის მიერ თანამდებობის დატოვებაზე დასმულ კითხვას: "ვადასტურებთ".

თანამდებობის დატოვების შესახებ ჯაყელის განცხადების ასლი რადიო თავისუფლებას წყარომ მასალის გამოქვეყნების შემდეგ მიაწოდა. 13 იანვრით დათარიღებული განცხადებით თეონა ჯაყელი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მადლობას უხდის ნდობისთვის, თუმცა განსხვავებული ხედვების გამო ითხოვს დაკმაყოფილდეს მისი თხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

თეონა ჯაყელის განცხადება
თეონა ჯაყელის განცხადება

"პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მოცემულ პოზიციაზე მუშაობის ურთულესი თვეების მანძილზე ჩემი კურატორობით მიმდინარეობდა მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროფესიონალების გუნდთან ერთად დაიდო საინტერესო შედეგები.

მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა ჩემს პროფესიულ ხედვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვტოვებ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას", - წერია განცხადებაში.

ნიკა ახალბედაშვილისა და თეონა ჯაყელის თანამდებობებზე დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ეროვნული მუზეუმიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რის ოფიციალურ მიზეზადაც რეორგანიზაცია დასახელდა. გათავისუფლებულთა შორის იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, ექსპერტ-მეცნიერების სტატუსით მუზეუმში დასაქმებული ასაკოვანი მეცნიერები.

მასალა განახლდა თეონა ჯაყელის განცხადების მოპოვების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG