Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ დნეპრში 45-მდე გაიზარდა საცხოვრებელ სახლზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის მსხვერპლის რიცხვი


სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული სახლი ქ. დნეპრში.
სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული სახლი ქ. დნეპრში.

უკრაინის ქალაქ დნეპრში 45-მდე გაიზარდა საცხოვრებელ სახლზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

„დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთის რაკეტამ მოკლა 45 ადამიანი, მათ შორის - ექვსი ბავშვი“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის უფროსმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.

20 ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

14 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დენპრში მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა.

16 იანვარს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნეა არა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, არამედ აშკარა ან შენიღბული სამხედრო ობიექტები და ყველამ ნახა უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნაც, რომ დნეპრში ტრაგედია გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის საპასუხო რაკეტის ქმედებამ.

პესკოვი გულისხმობდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მოგვიანებით, არესტოვიჩმა თქვა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ბოდიშს იხდის, დღეს, 17 იანვარს კი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მიმართა განცხადებით, რომ მრჩევლის თანამდებობას ტოვებს.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრზე იერიში განხორციელდა რუსული ფრთოსანი რაკეტებით Х-22, რომელთა მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს, დიდი ალბათობით, მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან, Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.

ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის მინიშნებას, რომ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.

XS
SM
MD
LG