Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკმა განმარტა, თუ რატომ შეეძლოთ მოეკლათ უკრაინელი ბიზნესმენი კირეევი


მიხაილო პოდოლიაკი
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინელი ბანკირი და რუსეთთან მოლაპარაკებაში ჩართული დელეგაციის წევრი დენის კირეევი უკრაინაში მოკლეს იმის გამო, რომ ომის პირველ დღეებში არ არსებობდა „ერთიანი კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-მა დიდი სტატია მიუძღვა კირეევის მკვლელობას.

ამერიკული გამოცემის თანახმად, დენის კირეევი, რომელიც გასული წლის თებერვლის ბოლოს გომელის ოლქში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, კიევში მარტის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

გასული წლის თებერვალში უკრაინულმა ტელეარხმა „მე-5 არხმა“ უჩვენა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბანკირი კირეევი იყო რუსეთის „ეფესბეს“ ოპერატიული თანამშრომელი, რომელიც თავის კურატორთან შესახვედრად ყოველთვიურად ჩადიოდა რუსეთში.

45 წლის დენის კირეევი მუშაობდა Citibank-ის, Credit Lyonnais-ის, Rabobank-ისა და ასევე „ოშჩედბანკის“ უკრაინის ფილიალებში.

The Wall Street Journal-ის თანახმად, უკრაინის დაზვერვამ სწორედ კირეევისგან შეიტყო პირველად რუსეთის პრეზიდენტის იმ ბრძანების შესახებ, რომლის საფუძველზეც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია იგეგმებოდა.

Wall Street Journal-თან ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ 2021 წლის გაზაფხულზე მან პირადად მიმართა კირეევს თხოვნით, რომ მისი კავშირებისა და კონტაქტების გამოყენებით, ეცადა, ჩანერგილიყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურში. კირეევი დათანხმდა ამ წინადადებას და, გამოცემის თანახმად, დაიწყო მოგზაურობა ხარკოვის რეგიონში, სადაც სხვა სამხედრო დაზვერვის ოფიცერთან ერთად მანქანით გადაკვეთა რუსეთთან საზღვარი. კირეევი რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა რუსეთიდან და შეგროვებული ინფორმაცია ბუდანოვს გადასცა.

გასული წლის მარტში გამოცემა "სააგენტო" იტყობინებოდა, რომ კირეევი კიევში შესაძლოა, გაუგებრობის გამო მოეკლათ.

როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, დენის კირეევს უკრაინის უშიშროების სამსახური თითქოს ბრალს დებდა სახელმწიფო ღალატში.

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კირეევის მკვლელობის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან საქმის გამოძიებას უკრაინის სახელმწიფო გამოძიების ბიურო აწარმოებს.

XS
SM
MD
LG