Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს


მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება. მან საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან ამ საკითხზე კომენტარში თქვა, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს საქართველოსთან კავშირს გაუმარტივებს.

"როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად, რაციონალურად, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის და რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ სერიოზული პრობლემების გადალახვა. თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს გაურკვეველი მგონია. ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, სადაც კი შესაძლებლობა არსებობდა, რომ ამის პოზიციონირება მოეხდინა, ყველგან ასეთი პოზიციონირებაა დაფიქსირებული. ამიტომ კითხვის დასმა, ამ შემთხვევაში ვის მხარეს არის საქართველო, აბსოლუტურად უსაგნო და არასწორია", - თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

"ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - თქვა სერგეი ლავროვმა.

19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG