Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია, აღდგეს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის. პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა, ამის მიზეზებია ახსნილი.

"არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია", - აცხადებს პრეზიდენტი.

მისთვის მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტები, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს. პრეზიდენტის თქმით, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მყოფ ქართველებს დაეხმარებოდათ მოქალაქეობის მინიჭების გამარტივება.

"ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. ამის დაშვება დაუშვებელია!"

მისივე თქმით, ფრენების აღდგენის ნაცვლად, აუცილებელია, მთავრობამ შეისწავლოს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების საკითხი.

"როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.

გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში", - აცხადებს პრეზიდენტი.

მანვე აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის ნაცვლად, მთავრობა ქვეყნის რეპუტაციაზე უნდა ზრუნავდეს.

"ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!

ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!" - წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

"ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - თქვა სერგეი ლავროვმა.

19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG