Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოტივთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული ვერსიები" - კახეთის პოლიციის უფროსი საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე


თეიმურაზ კალანდაძე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
თეიმურაზ კალანდაძე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში მიმდინარეობს თვითმხილველთა განმეორებითი გამოკითხვა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე ამბობს, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

„მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. უამრავი მოწმეა გამოკითხული და მათი ნაწილი ჯერ კიდევ იკითხება. გამოძიებასთან ყველა თანამშრომლობს. გამოძიება პასუხს გასცემს იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც. ამოღებულია ყველა იარაღი და საბრძოლო მასალა. დანიშნულია უამრავი ექსპერტიზა“, - უთხრა ჟურნალისტებს კახეთის პოლიციის უფროსმა.

საგარეჯოს სამმართველოში, გამოკითხვიდან გამოსული ადგილობრივები დაზუსტებით ვერ ამბობენ, რა გახდა მომხდარის მოტივი.

„როგორც მე ვიცი, მკვლელსა და მოკლულების ნაწილს შორის ყოფილა კონფლიქტი. მე ეზოში ჩავედი მაშინ, როცა ორი მოკლული დავინახე, მათი დახმარება მინდოდა, მაგრამ მეც სროლა დამიწყო. შემდეგ კორპუსის უკან გავიქეცი და „იოლის“ მაღაზიასთან მივედი. მაღაზიისკენაც დაიწყო სროლა“, - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც საგარეჯოს პოლიციაში უკვე მეორედ გამოკითხეს.

20 იანვარს დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი, და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG