Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დეპუტატი სასკოლო პროგრამიდან სოლჟენიცინის ამოღებას ითხოვს


ალექსანდრ სოლჟენიცინი
ალექსანდრ სოლჟენიცინი

პარტია „ედინაია როსიას“ დეპუტატმა დმიტრი ვიატკინმა წამოაყენა წინადადება, სკოლის პროგრამიდან ამოიღონ ალექსანდრ სოლჟენიცინის წიგნი „არქიპელაგ გულაგი“ - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება.

რუსი დეპუტატის შეფასებით, სოლჟენიცინი ამ წიგნში აშავებს სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირს, ხოლო მისი აღწერილი რეპრესიები „თითიდან არის გამოწოვილი“ და გამოგონილია. სანაცვლოდ, დეპუტატის მიერ წამოყენებული წინადადებით, სასკოლო ლიტერატურის პროგრამაში უნდა დაბრუნდეს საბჭოთა ავტორების ისეთი წიგნები, როგორებიცაა ალექსანდრ ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია“ ("Молодая гвардия") და იური ბონდარევის „ცხელი თოვლი“ ("Горячий снег").

დეპუტატი ვიატკინი რუსეთის დუმაში მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. მისი ინიციატივა, ზოგადად, სკოლის პროგრამიდან იმ სახელმძღვანელოების ამოღებას ითვალისწინებს, რომლებმაც „დროის გამოცდას ვერ გაუძლეს“ და „არ შეესაბამებიან სინამდვილეს“. დეპუტატის მიერ გაცხადებული მიზანია „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა საბჭოთა ნაწარმოებებთან მიმართებით, რომლებიც პატრიოტიზმის გრძნობის აღზრდას ემსახურებიან“.

რუსულენოვანი მედიის ცნობით, დეპუტატის ინიციატივას არ იზიარებს გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის რექტორი ალექსეი ვარლამოვი. „ვფიქრობ, ეს არის რუსული ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებს აშუქებს და აზრი არა აქვს ამ ფურცლების მიჩქმალვას“, - თქვა მან.

მწერლისა და საბჭოთა რეჟიმის ოპონენტის, ალექსანდრ სოლჟენიცინის, „არქიპელაგ გულაგი“, რომელიც სტალინის დროინდელ რეპრესიებზე მოგვითხრობს, რუსეთში სავალდებულო სასკოლო პროგრამაში 2009 წელს შეიტანეს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის დავალებით. ნაწარმოები ეფუძნება ტუსაღთა წერილებს, მოგონებებს, მონათხრობს და ასევე მოიცავს თავად სოლჟენიცინის პირად გამოცდილებას. მან საპატიმროში 8 წელიწადი გაატარა. 1970 წელს სოლჟენიცინს მიენიჭა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია, რომელიც გადასცეს 1974 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობაში ბრალდებით სსრკ-დან გაძევების შემდეგ.

როგორც იუწყებიან, სიცოცხლის ბოლო წლებში სოლჟენიცინს რამდენჯერმე შეხვდა ვლადიმირ პუტინი, რომელიც პატივისცემით მოიხსენიებდა მას და აქცენტს აკეთებდა არა ანტისაბჭოთა განწყობებზე, არამედ სოლჟენიცინის მიერ დასავლეთისა და ლიბერალური იდეების კრიტიკაზე.

2018 წელს მოსკოვში, დაბადების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, ალექსანდრ სოლჟენიცინის ძეგლიც გაიხსნა. ძეგლი მისივე სახელობის ქუჩაზე, სკვერში აღმართეს. ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო. პირველი ძეგლი სოლჟენიცინს 2013 წელს ქალაქ ბელგოროდში დაუდგეს.

სოლჟენიცინი 2018 წლის 3 აგვისტოს მოსკოვში გარდაიცვალა. იმავე თვეში მისი სახელი მიენიჭა „დიდ კომუნისტურ ქუჩას“ ტაგანის რაიონში.

რუსეთის დუმის განათლების კომიტეტში განაცხადეს, რომ პროგრამიდან „არქიპელაგ გულაგის“ ამოღების საკითხი დღის წესრიგში არ იდგა და არც ამ ეტაპზე დგას. ახლახან ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საბჭოთა მწერლების ნაწარმოებები, მაგალითად - „ახალგაზრდა გვარდია“ ("Молодая гвардия") და „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ ("Как закалялась сталь").

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG