Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯაშუშობის ბრალდება უკანონოა“ - ქრისტინე თაკალანძის ადვოკატი


"ჯაშუშობისთვის" დაკავებული ქრისტინე თაკალანძე (კოლაჟი)
"ჯაშუშობისთვის" დაკავებული ქრისტინე თაკალანძე (კოლაჟი)

ოკუპირებულ აფხაზეთში „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძის ადვოკატი ავთანდილ ჭკადუა რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქმეში არ დევს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ის საუბრობს თაკალანძის საპატიმრო პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც.

24 წლის ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას“ ედავება. უკვე 6 თვეა, ის სოხუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

- "ეხო კავკაზა": რაც შეეხება ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის მიყენებულ რა სახის ზიანზეა საუბარი?

- ავთანდილ ჭკადუა: ამასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ შემდეგი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედებებში ჯაშუშობის დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არ არის. ვინაიდან მას კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, არ აგროვებდა არავითარ ინფორმაციას, არ გადასცემდა სხვა უცხო სახელმწიფოს, მას ჯაშუშობის ბრალდება უკანონოდ წაუყენეს და არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ მან ჩაიდინა ისეთი სახელმწიფო დანაშაული, როგორიცაა ჯაშუშობა. ჩვენ დავიწყეთ სასამართლო პროცესი, მოვიწვიეთ თარჯიმანი და ველოდებით. ხვალ იქნება მორიგი სხდომა. ალბათ, სასამართლო გამოძიების პროცესში სიმართლე დადგინდება და დაცვის მხარე მოელის, რომ ვერავინ დაადასტურებს, რომ მან „ჯაშუშობის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

- როგორ გრძნობს თავს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი და სად იმყოფება?

- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვერ ვიტყვი, რომ მისი მისამართით რაიმე უკანონო ქმედება განხორციელდა. თავს კარგად გრძნობს, იძლევა ჩვენებს, ყველა შეკითხვას პასუხობს. ამასთან დაკავშირებით წინასწარი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებთან პრეტენზიები არ გვაქვს.

- მასთან შეხვედრა შეზღუდული არ გაქვთ? საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ?

- აბსოლუტურად. ასეთი შესაძლებლობა ყოველთვის მქონდა. ჩემი სურვილის შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვხვდებოდი და მასთან განუსაზღვრელი დროით საუბრის საშუალება მქონდა. ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არის.

- სწორად გავიგე, რომ მისი უფლებები არ ირღვევა?

- პატიმრობის უფლებები დაცულია. მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ მისი დაკავება უკანონოა. ვინაიდან მის მოქმედებებში ჯაშუშობის ბრალდების შემადგენლობის დამადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არის და შესაბამისად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკანონოდაა აღძრული.

- რა პერსპექტივები აქვს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს?

- სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ფაქტების იმედი გვაქვს, რომლებიც ჯაშუშობის შემადგენლობას არ ქმნის. ბუნებრივია, ჩვენ მოველით და სამართლიანობის, სასამართლო გამოძიების და სასამართლოში მტკიცებულებების სამართლიანი შეფასების იმედი გვაქვს. ასე რომ, პერსპექტივები გვაქვს.

- მშობლებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან ურთიერთობის საშუალება აქვს? შეუძლია აუცილებელი საგნების, საკვები პროდუქტების მიღება? ამ მხრივ რა მდგომარეობაა?

- რამდენადაც ვიცი, ამ მხრივ არავის შეუზღუდავს. გარკვეული დროის პერიოდში მისთვის პაემნის უფლება არ მიუციათ, ვინაიდან მისი დანაშაული მძიმე კატეგორიას განეკუთვნება. მაგრამ ის არ შეუზღუდავთ მაშინ, როცა ამ უფლებით სარგებლობდა, ტანსაცმლის, საკვების გადაცემის და შეხვედრების თვალსაზრისით.

- სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ჟურნალისტებს პროცესზე არ უშვებენ, აქვთ ჟურნალისტებს ამ პროცესის გაშუქების საშუალება? და თუ იცით, რა რეაქცია აქვს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს?

- სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ჟურნალისტებს სასამართლო განხილვების დასრულებამდე თავიანთი აზრის გამოთქმის და საქმის მასალების გამოქვეყნების უფლება არ აქვთ. სახალხო დამცველი, ქალბატონი ასიდა შაკრილი, ესწრებოდა. სასამართლომ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას სასამართლო დარბაზში დასწრების უფლება აქვს. მაგრამ მას განემარტა, რომ სასამართლო განხილვების შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს.

ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებს 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას.

ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე 25 ივლისს გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები. ასევე, ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც მკაფიოდ იკითხება სიტყვები: „თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ქართულად, ხელით დაწერილი, არცთუ გამართული ტექსტით, რომელიც იწყება სიტყვებით: "თქვენ უნდა შეხვიდეთ ნდობაში..."

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ყველაფერს აკეთებენ ქრისტინეს გასათავისუფლებლად.

2023 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 4 მოქალაქე: გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გალის მცხოვრები ა.თ. და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუმხელია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG