Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 24 იანვარი
უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 24 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 37 საავიაციო და 10 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქების, დნეპრის და ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე - 97 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონის საცხოვრებელ სახლებზე. გენშტაბი ადასტურებს საჰაერო ძალების სარდლობის წინასწარ მონაცემებსაც, რომ წუხელ მოწინააღმდეგემ გამოიყენა 24 უპილოტო საფრენი აპარატი და ყველა მათგანი განადგურებულია.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, დიდი დანაკარგის მიუხედავად, მტერი არ წყვეტს შეტევას ბახმუტის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, წარუმატებელი იერიში მიიტანა ლიმანისა და ავდეევკისკენ, ხოლო კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით თავდაცვას აწარმოებს.

გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.

გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 14 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ჩამოგდებულია 2 თვითმფრინავი სუ-25 და ვერტმფრენი კა-52. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 12 რაიონი, მართვის 1 პუნქტი და საბრძოლო მასალების 4 საწყობი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG