Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემდეგი ბერიაა? ვოლგოგრადში სტალინის კიდევ ერთ ძეგლს დგამენ


სამარშრუტო ტაქსი სტალინის პორტრეტით, ვოლგოგრადი, ფოტო არქივიდან.
სამარშრუტო ტაქსი სტალინის პორტრეტით, ვოლგოგრადი, ფოტო არქივიდან.

ვოლგოგრადში სტალინის კიდევ ერთ ძეგლს დგამენ. ამჯერად სტალინგრადის ბრძოლის 80 წლისთავთან დაკავშირებით, რომელსაც 1-2 თებერვალს იზეიმებენ. ეს დღეები უქმედაც კი გამოაცხადეს. არის თუ არა ეს ძეგლი კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ვოლგოგრადს სახელი გადაარქვან და სტალინგრადი უწოდონ?

სტალინის პირველი ძეგლი ვოლგოგრადში პანდემიამდე გამოჩნდა. ის ძველ პიონერთა ბანაკში იპოვეს, აღადგინეს და დადგეს. ძეგლის გახსნას სკანდალი მოჰყვა, აქციის მონაწილეები საპროტესტო პლაკატებით პირდაპირ ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე მივიდნენ.

2022 წელს ვოლგოგრადის ოლქის ადრამინისტრაციაში სტალინის ბრძანების ბარელიეფი გააკეთეს - N 227 „არც ერთი ნაბიჯი უკან“. ამ ბრძანებით სტალინმა ჯარში დამსჯელი ბატალიონები შექმნა, რომლებიც იმ სამხედროებს ხვრეტდნენ, ვინც უკან დაიხია. ბარელიეფი ცენტრალურ კიბესთანაა და მას ყველა ხედავს.

მერიამ გადაწყვიტა, სტალინის გამოსახულებიანი ბარელიეფები სამედიცინო უნივერსიტეტისა და პლანეტარიუმის შენობებზეც დააბრუნოს. 2022 წლის ნოემბერში სტალინის 100 კვადრატულ მეტრიანი პორტრეტი ვოლგოგრადის ერთ-ერთ შენობაზე გამოჩნდა.

სტალინის ძეგლი, რომელიც თებერვალში უნდა დადგან, ახალია. ის ადგილობრივმა მოქანდაკემ სერგეი შჩერბაკოვმა საგანგებოდ დაამზადა. დიქტატორი გენერალისიმუსის გვერდით, მუზეუმ-პანორამასთან „სტალინგრადის ბრძოლა“, მარშლების ჟუკოვისა და ვასილევსკის ბიუსტებსაც დადგამენ.

„სტალინი ფორმასა და ორდენებშია. ასეთ სტალინს სტალინგრადის ბრძოლასთან არაფერი აკავშირებს. ეს არის სტალინი ომის შემდეგ, სტალინგრადის კი უბრალო ტანსაცმელში უნდა იყოს, გმირის ვარსკვლავის გარეშე“, - ამბობს ადგილობრივი ისტორიკოსი ანდრეი პროშაკოვი.

რუსეთის ისტორიაში სტალინის, როგორც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პერსონაჟის ახლა გამოჩენის კანონზომიერებას უსვამს ხაზს ოლეგ ორლოვი, ორგანიზაცია „მემორიალიდან“.

„სტალინის ნებისმიერი ძეგლის წინააღმდეგი ვარ, მით უფრო ვოლგოგრადში. სწორედ სტალინისა და მისი თანამოაზრეების ბრალია, რომ ფაშისტური ჯარები ვოლგამდე მოვიდნენ, - ამბობს ორლოვი, - მაგრამ ამ ბიუსტის გამოჩენა კანონზომიერია, იმას ააშკარავებს, რაც ახლა რუსეთში ხდება. ყველა ქალაქში რომ გაჩნდეს ასეთი ძეგლები და მოსკოვში, ლუბიანკის მოედანზე ძერჟინსკის ქანდაკება დაიდგას, ესეც არავის გაუკვირდება. რუსეთი ტოტალიტარიზმში გადაეშვა. ახლა უკვე ბერიას ძეგლიც არ გამაოცებს“.

სტალინის სახელით?

ვოლგოგრადის სტალინგრადად გადარქმევაზე საუბარი ჯერ კიდევ უკრაინაში ომამდე დაიწყო. 2012 წლის ოქტომბერში ნაკლებად ცნობილმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „რუსეთის მოქალაქეების პროფკავშირმა“ განაცხადა, რომ ქალაქისთვის სახელის გადარქმევის სასარგებლოდ სანქტ-პეტერბურგში 50 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.

წარწერა „სტალინგრადი“ ძეგლზე, ფოტო არქივიდან.
წარწერა „სტალინგრადი“ ძეგლზე, ფოტო არქივიდან.

2013 წელს, როდესაც სტალინგრადის ბრძოლის 70 წლისთავს აღნიშნავდნენ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ, მაშინდელმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჩუროვმა და რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა წამოაყენეს წინადადება, ქალაქისთვის სახელი გადაერქვათ.

2019 წლის აპრილში ამ ინიციატივამ ისევ გაიჟღერა. 2022 წელს კი, ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა გამოაცხადა, შეიქმნა საბჭო, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრს შეისწავლისო.

პარალელურად, პარტია „იაბლოკოს“ წარმომადგენელმა ალექსანდრ ეფიმოვმა სახელის გადარქმევის საწინააღმდეგოდ პეტიცია მოამზადა და ხელმოწერების შეგროვებას შეუდგა. მას 2 ათასზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

„ვოლგოგრადისთვის სახელის გადარქმევა კატასტროფა იქნება“, - ამბობს ეფიმოვი. ის მიიჩნევს, რომ ეს მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას შეურაცხყოფს, რადგან ვოლგაზე ბრძოლას „ტრაგიკული ასპექტები ჰქონდა, რომლის შესახებაც საუბარს ერიდებიან“.

„1942 წლის ივლისში ქალაქი ბრძოლის ველად იქცა. კაციჭამია სტალინმა გასცა ბრძანება ებრძოლათ ევაკუაციის წინააღმდეგ. ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ 23 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ქალაქი დაიბომბა და 40 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 750 ათასი ადამიანიდან ვოლგის მეორე ნაპირზე მხოლოდ ასმა გააღწია. ქალაქისთვის მისი სახელის დარქმევა ნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლეს არ აფასებ“, - მიაჩნია ეფიმოვს.

მუზეუმ-პანორამა „სტალინგრადის ბრძოლა“
მუზეუმ-პანორამა „სტალინგრადის ბრძოლა“

ეფიმოვი იმასაც ამბობს, რომ ვოლგოგრადელების უმეტესობა ქალაქისთვის სახელის შეცვლის წინააღმდეგია, მაგრამ მათ მთავრობაზე გავლენა არ აქვთ. მასზე ზემოქმედების ერთადერთი საშუალება არჩევნებია, მაგრამ...

„ვოლგორადში საარჩევო სისტემა მოშლილი და კორუმპირებულია. ისეთი გაყალბებებია, როგორიც ჩეჩნეთში... ახლა საზოგადოებისგან გადარჩევას კი არა, „სპეცოპერაციის“ მხარდაჭერას ითხოვენ. მათ მოხალისეები სჭირდებათ, დედები და ცოლები, რომლბიც კვადროკოპტერებისთვის ფულს შეაგროვებენ. აი, ამ დროს ჩნდება ტოტალიტარიზმის სიმბოლო სტალინი... ნავს როგორც დაარქმევ, ისე გაცურავს. გამოიტან სტალინიზმს ბანერებზე, მიიღებ სტალინიზმს პრაქტიკაში. ისეთ მსუბუქს კი არა, ახლა რომ არის, არამედ დიქტატურის სულ სხვა ხარისხით“, - ამბობს ეფიმოვი.

სახელის გადარქმევის მიზეზი სავარაუდოდ ისევ ისაა, რაც 100 წლის წინ იყო, როდესაც ოლქს ბორის შებოლდაევი ხელმძღვანელობდაო, ამბობს ვოლგოგრადელი აქტივისტი და ისტორიკოსი ანდრეი პროშაკოვი. მაშინ შებოლდაევის პორტრეტები და განცხადებები გაზეთებში ბლომად ქვეყნდებოდა, უფრო მეტად, ვიდრე სტალინის.

„მაგრამ, როდესაც თავისი საქმიანობის ანგარიში უნდა ჩაებარებინა, საჩვენებელი არაფერი ჰქონდა და ქალაქს სახელი გადავარქვათო. დღეს სოციალურ-ეკონომიკურ რეიტინგში ვოლგოგრადს უკანასკნელი ადგილი უჭირავს. ქალაქი ხან იყინება, ხან წყალი არა აქვს და აჰა, ისევ სახელის გადარქმევა სურთ. უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთები ცუდად ამთავრებენ, შებოლდაევი საბოლოოდ დახვრიტეს“, - ჰყვება პროშაკოვი.

ქალაქის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან, ილია კრავჩენკო ამბობს, რომ თუ ვოლგოგრადში მარქსის ძეგლი დგას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას კარლოგრადს დაარქმევენ: „2023 წელს არჩევნებია, არჩევნებამდე კი ყოველთვის ტარდება ასეთი ღონისძიებები, - ამბობს ის, - სტალინის სახელი დაარქვა ქალაქს, რომლის ქუჩებსაც არ ალაგებენ და კანალიზაციის მილი ყოველკვირა სკდება, ნიშნავს სტალინს შეაფურთხო. ეს იგივეა, სოფელს რომელიმე მეფის სახელი უწოდო. თან რატომ? უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს მივაქცევდი ყურადღებას“.

  • ახლანდელი სახელი ვოლგოგრადი ქალაქს 1961 წელს ეწოდა. 1925 წლიდან 1961 წლამდე სტალინგრადი ერქვა. მისი ისტორიული სახელი არის ცარიცინი, რომელიც მდინარე ცარიცის გამო შეარქვეს. სტალინის სახელი კი იმის გამო ეწოდა, რომ სამოქალაქო ომის დროს სტალინი ქალაქის დაცვას ხელმძღვანელობდა.
  • როდესაც „ლევადა ცენტრმა“ რუსეთის მოქალაქეები გამოკითხა, თითქმის ნახევარმა მხარი დაუჭირა, რომ 2021 წელს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საიუბილეოდ სტალინის ძეგლი აეგოთ. ამ იდეას გამოკითხულთა 48 პროცენტი მიემხრო. წინააღმდეგი წავიდა 20 პროცენტი. დანარჩენებისთვის ან სულერთი იყო, ან პასუხის გაცემა გაუჭირდათ. სოციოლოგებმა აღნიშნეს, რომ სტალინის ძეგლის დადგმის მსურველების რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG