Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური


2020 წლის 20 თებერვალი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდა.
2020 წლის 20 თებერვალი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. მერაბიშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს „მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება" არ შეუძლია.

„მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.

რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.

უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა.

რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე.

სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!" - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხი, რომელმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

ამავე ინტერვიუში სააკაშვილმა ილაპარაკა კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის შესახებ. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

ვანო მერაბიშვილმა სასჯელის მოხდის შემდეგ, „მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმის გამო უნდა გადამდგარიყო.

„მე ვთვლი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე და უნდა მიმეღო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი... მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი იხილებოდა, მათ შორის ჩემ მიერაც. ეს საკითხი იხილებოდა. ის [სააკაშვილი] იხილავდა და რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდა, როგორც გადაწყდა", - თქვა ვანო მერაბიშვილმა 2020 წლის აპრილში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 17 იანვარს განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად მას უპირისპირდება. მელიამ მერაბიშვილს ლევან ხაბეიშვილის შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელი უწოდა. ამასთან, მელიამ განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერის გავრცელება სწორედ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს არის დაგეგმილი.

პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

XS
SM
MD
LG