Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამდგარმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა


პეტრ პაველი და მისი მეუღლე, ევა პავლოვა
პეტრ პაველი და მისი მეუღლე, ევა პავლოვა

ამომრჩეველთა ხმების 99,71 %-ის დათვლის შედეგად ჩეხეთში 27-28 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 58,24%-ით გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გადამდგარმა გენერალმა პეტრ პაველმა. მის მეტოქეს, ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია "ანოს" ლიდერ, ანდრეი ბაბიშს ხმა მისცა 41,75%-მა.

ანდრეი ბაბიშმა ხმების დათვლის დასრულებამდე მიულოცა პეტრ პაველს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

პეტრ პაველს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ და განაცხადა, რომ ის მოუთმენლად ელოდება ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 70,31%-მა მიიღო.

თავის მხარდამჭერებს უკვე მიმართა პეტრ პაველმა და განაცხადა, რომ ის იქნება ყველა მოქალაქის პრეზიდენტი.

გენერალი პეტრ პაველი 61 წლისაა.

სხვადასხვა დროს ეკავა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები.

არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებისა და ინაუგურაციის შემდეგ იგი გახდება ჩეხეთის მეოთხე პრეზიდენტი და ამ პოსტზე შეცვლის მილოშ ზემანს, რომელიც ორი ვადით იმყოფება ჩეხეთის სახელმწიფო მეთაურის პოსტზე.

XS
SM
MD
LG