Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილი: ენმ ღია იქნება ყველა ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის


ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ახალარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა ადამიანს. მან თავის კონკურენტებს თანამშრომლობა შესთავაზა.

"ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნით ნიკას [მელია] და მის მომხრეებს, ნონას [მამულაშვილი] და მის მხარდამჭერებს, გიორგის [მუმლაძე] და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე თქვენ გიწვდით მეგობრობის ხელს. ჩემი მთავარი ამოცანაა, გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ მთავარი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ გზაზე უკომპრომისო ბრძოლა გველის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მისი გამარჯვების შემდეგ პარტია ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც შეუძლია მათი დახმარება მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ჩვენ არ ვაპირებთ ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს. ზუსტად ისე, როგორც ეს მიშამ [სააკაშვილმა] და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და ამ შრომაში არ დავიღლებით. დღეიდან ახალი ენერგიით, შემართებით ვიწყებთ ბრძოლას რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად. სწორედ ამიტომ დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის, ყველა ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, რომელსაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებული პირველი გადაწყვეტილებები დაუკავშირდება პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია.

"მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

დღეს, 30 იანვარს, დასრულდა ორდღიანი არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც. მან თანამდებობის შესანარჩუნებლად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG