Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: საქართველოსა და ავსტრიას ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა აკავშირებთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, კარლ ნეჰამერს, შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, კარლ ნეჰამერს, შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, კარლ ნეჰამერს, შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

"პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამ ვიზიტს შეიძლება ისტორიული ეწოდოს, რადგან ავსტრიის კანცლერი საქართველოში პირველადაა.

"ჩვენ ახლაც გვქონდა დეტალური განხილვა არსებული სიტუაციის. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ოკუპაციის პრობლემას ხელისუფლება "გონივრული პოლიტიკით" უპასუხებს: "ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება".

მანვე ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაზე.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია ყველა შესაძლო პროგრესს, რაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ ჩვენ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან, ივნისში, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა...

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომელიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ, ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება აი ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს", - თქვა ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ავსტრიის კანცლერს ამ გზაზე მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ავსტრიას შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა:

"დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დამსახურებაა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები".

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG