Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიღებაზე უარი უთხრეს


ინალ არძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრი"
ინალ არძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრი"

ოკუპირებულ აფხაზეთში გადაწყვიტეს, არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები. რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ამის თაობაზე განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადებას. მისი ჩატარება 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა.

ბოლო დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანათავმჯდომარეები ყოველგვარი ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა.

მსგავს სურათს ვხედავთ მიმდინარე წლის დასაწყისშიც, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად წყვეტენ შემდეგი რაუნდის გადადების საკითხს.

ჩვენი ამოსავალია ის, რომ თანათავმჯდომარეების ასეთი ქმედებები ანგაჟირებული ხასიათის მატარებელია, აფერხებს მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის რეგიონში სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებს.

2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების გათვალისწინებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ჩასატარებლად“, - ნათქვამია არძინბას განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ინფორმაციის დასაზუსტებლად რადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევის დისკუსიებში მონაწილე დასავლელი წარმომადგენლები გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროკავშირი, გაერო, ეუთო და შეერთებული შტატები „ცდილობენ დიალოგის ეს ფორმატი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მძევლად აქციონ“.

2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა“ და მიუთითა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ წარმართვის აუცილებლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG