Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათზე კრიტიკული დასკვნის შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრს კულტურის სამინისტროს აუდიტი შეისწავლის


საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს სამინისტროს აუდიტის სამსახური შეისწავლის - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ, მათ შორის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ დაუდასტურა.

მარინა გაჩეჩილაძის თქმით, აუდიტის სამსახური ცენტრის ფინანსების შესწავლას 1 თებერვლიდან დაიწყებს და "არანაირი პრობლემა ამაში არ არის".

"ეს ჩვეულებრივი ამბავია. აუდიტი ყოველ წელს ტარდება დაწესებულებებში, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ხვალიდან იწყებენ მუშაობას და არანაირი პრობლემა ამაში არ არის. იმდენმა დარეკა დღეს, არ მგონია, რომ ეს დამთხვევა იყოს, ეს სპეციალურად იყოს, უბრალოდ წლის დასაწყისია", - უთხრა რადიო თავისუფლებას ცენტრის ხელმძღვანელმა.

ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ბოლო აუდიტორული შემოწმება იქ 2020 წლის ბოლოს ჩატარდა და მისი შედეგები სამინისტროში 2021 წლის მარტში გადაიგზავნა.

ჩუბინაშვილის ცენტრში აუდიტის სამსახურის შესვლის ფონია 30 იანვარს კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნება გელათის შესახებ. დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება რესტავრაციისა და კონსერვაციის პრინციპებს, მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე ჩატარებული სამუშაოები არღვევს მხატვრობის ავთენტურობას და ქმნის ძეგლის განადგურების საფრთხეს.

აუდიტის სამსახურის დასკვნებს კულტურის სამინისტრო საკადრო გადაწყვეტილებების მიზეზად იყენებს, მისთვის ნაკლებსასურველი ადამიანების სისტემიდან გასათავისუფლებლად - კინოცენტრის შემთხვევაში მინისტრმა თეა წულუკიანმა კინოცენტრის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე გაათავისუფლა ამ თანამდებობიდან და მიზეზად აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG