Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ენმ მზადაა, მანდატები დათმოს და ოფისები „ოცნებას" გადაუფორმოს


ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა „ვივამედთან" მედიას განუცხადა, რომ პარტია მზად არის ბევრი რამ დათმოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლების სანაცვლოდ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი დატოვოს, არამედ დატოვოს საკრებულოებიც. საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი რომ დადგეს, აქედანვე ვთავაზობ რუსულ "ოცნებას", პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს. მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ნულიდან ყველაფერს. მათ ხომ უნდათ, რომ გაქრეს ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა", მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ, მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ ამას უნდა მოჰყვეს შედეგი. თუ შედეგი იქნება, ყველა მზად არის, დატოვოს ყველაფერი და გავუფორმოთ ოფისები. ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს ცენტრალურ ოფისში და იქ დაჯდეს. სხვა შემთხვევაში ვიღაცების აზრები ნაკლებად მაინტერესებს, შედეგი დადგება?! - ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ახლა ელოდება, როდის გადაიყვანენ.

დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ, მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკის პერსონალს უშუალოდ გულის წასვლა არ დაუნახავს და ეს იციან მხოლოდ პაციენტის გადმოცემით. "მისი [მიხეილ სააკაშვილის] გადმოცემით, წამიერად დაკარგა გონება და დაეცა", - ამბობს ის.

28 იანვარს ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.

ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG