Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსური პრობლემების გამო იხურება ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი"


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ფინანსური პრობლემების გამო 12-წლიანი მუშაობის შემდეგ იხურება ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი". ინფორმაცია მედიასაშუალების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"დღეს, 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ფუნქციონირებას წყვეტს... დღეიდან ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" აღარ განახლდება და ვებგვერდიც მოკლე პერიოდში გაითიშება", - წერია განცხადებაში.

ინტერნეტგამოცემა 2011 წლიდან მუშაობდა, აშუქებდა ძირითადად სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ ამბებს. "ლაივპრესი" თავდაპირველად "ღია საზოგადოების ფონდის" დახმარებით შეიქმნა, თუმცა ჰქონდა სხვა ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერაც.

"ამ პლატფორმამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, ერთის მხრივ შეუზღუდავად მიეღოთ სანდო ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, თავადაც ყოფილიყვნენ პროცესის, ცვლილებების მონაწილეები. ეს სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. მაშინაც მიგვაჩნდა და ასეა დღესაც, რომ ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას, ხელს თავისუფალი სივრცის არსებობა უწყობს, სადაც შეგიძლია დამოუკიდებლად იაზროვნო, გაეცნო მიუკერძოებლად, პროფესიონალიზმით მომზადებულ მასალებს, გამოთქვა კრიტიკა, გქონდეს უკუკავშირი რედაქციასთან, შესთავაზო მას ახალი იდეები და მოუყვე საკუთარ პრობლემაზე - ვფიქრობთ, "ლაივპრესმა" ეს შეძლო", - წერია განცხადებაში.

2021 წელს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მონიტორინგის ანგარიშში "ლაივპრესის" შესახებ წერდა: "შეინიშნებოდა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიღრმისეული გაშუქების პრობლემა. მოვლენები შუქდებოდა მიუკერძოებლად და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით".

XS
SM
MD
LG